პოლონეთმა კრაკოვში რუსეთის საკონსულოს დახურვა გადაწყვიტა

4 hours ago 3

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ არის თანახმა, რომ ქალაქ კრაკოვში რუსეთის საკონსულო მუშაობდეს.

გადაწყვეტილება საკონსულოს დახურვის შესახებ დღეს, 12 მაისს გამოაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ. მან გადაწყვეტილება ახსნა მტკიცებულებებით, რომელთა თანახმად, 2024 წლის 12 მაისს, ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დივერსია იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მალე „ადეკვატურად უპასუხებს“ ვარშავის „არაადეკვატურ ნაბიჯებს“.

ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska-ში 2024 წლის 12 მაისს გაჩენილმა ხანძარმა 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი გაანადგურა.

ხანძრიდან ერთი წლისთავზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა და გენერალურმა პროკურორმა გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განაცხადეს, რომ ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაკვეთილი და დამნაშავეთა ქმედებებს ორგანიზებას უწევდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირი, რომლის ვინაობა დადგენილია.

ვარშავაში 2025 წლის 11 მაისს გამოქვეყნებული ამ განცხადების თანახმად, დამნაშავეთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იდენტიფიცირებულია და მათი ძებნა გრძელდება.

სრულად წაკითხვა