„პოსტვ-სა“ და „ოცნების“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა Anonymous-მა აიღო

2 weeks ago 8

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო.

„საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე აქციის მონაწილეთა მიმართ და განაგრძეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება.

საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ონლაინ რესურსების გათიშვას. ეს არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა ამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება,“ — აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში.

ჰაკერთა ჯგუფმა განცხადებას თან დაურთო რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისა და დაშავებულთა ამსახველი ვიდეოები.

ნეტგაზეთი შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.

🚨Anonymous has taken down the websites of Georgia’s ruling party (https://t.co/x308tB4f5U) and its affiliated propaganda media outlet POSTV (https://t.co/agcw4dEyOf)

– To the puppet government of Georgia, controlled by Russia: Despite our warning, you have decided to disregard… pic.twitter.com/6mnCeim9Zn

— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) May 1, 2024


Anonymous არის ჰაკერთა საერთაშორისო, დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომლის საქმიანობა ძირითადად მოიცავს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში ბრძოლას, სოციალური მოძრაობების მხარდაჭერას, კორუფციის მხილებას და ა.შ. მაგალითად, ისინი აქტიურად ებრძვიან რუსეთისა და ირანის რეჟიმებს. Anonymous-ის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მათ ბოლო აქტივობა მოიცავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხების სერვერებში შეღწევას და რუსეთის ომის დანაშაულებების მამხილებელი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას.

ჰაკერთა ამ ჯგუფის ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს სცდება, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, „ეს არის ბინძური საქმე, რომელიც ვიღაცამ უნდა გააკეთოს“

სრულად წაკითხვა