18 დეკემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე, „ქართული ოცნების“ პრორუსულ ნაბიჯებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსიდან გადახვევაზე ისაუბრა, რასაც ქართველები კვირებია აპროტესტებენ. თავის გამოსვლაში, ზურაბიშვილმა ევროკავშირი „ქართული ოცნების“ რეპრესიული ნაბიჯების წინააღმდეგ ნელი მოქმედების გამო გააკრიტიკა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებისა და ევროკავშირის უფრო აქტიური მხარდაჭერის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
26 ოქტომბრის არჩევნები
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, და ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის სრულ კონტროლს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რაც ევროკავშირის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით გახდა შესაძლებელი.
მან აღნიშნა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ისეთი გარანტიების გარეშე დაინერგა, როგორიცაა ბიომეტრიული გადამოწმება, ხოლო დაშინება, პროპაგანდა და ადმინისტრაციული რესურსები ფართოდ გამოიყენებოდა საბოლოო შედეგის მანიპულირებისთვის. ზურაბიშვილმა ასევე მიუთითა „შავი ფულის“ გამოყენებაზე, და განაცხადა, რომ მხოლოდ ორ თვეში 200 მილიონი დოლარი მოხმარდა საარჩევნო მიზნებს.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი: უნივერსალურობა და კონფიდენციალობა. მან ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევას და დასძინა, რომ ფართო მობილიზაციის მიუხედავად ხმის მიცემა მხოლოდ 34 000-მა მოქალაემ შეძლო. „მთელმა დიასპორამ იცოდა, რომ არჩევანი კეთდებოდა ევროპასა და რუსეთს შორის“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, კონფიდენციალურობის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ხმის მიცემის მოწყობილობებთან „პარტიული კამერების“ დამონტაჟება და დამოუკიდებელი ზედამხედველობის არარსებობა გახდა. მან აღნიშნა, რომ ამ დარღვევების აღმოფხვრის შესახებ სარჩელები სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობას. ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმეა აღძრული არჩევნებთან დაკავშირებით, რათა „გამოყენებულ იქნას ყველა სამართლებრივი გზა ამ ძალიან ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად“.
არჩევნების შემდგომი ვითარება საქართველოში
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში გაუარესებულ ვითარებას და „რუსეთისკენ დაჩქარებულ სვლასა“ და დემოკრატიული ნორმების სისტემატურ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მან დაგმო პარლამენტის არაკონსტიტუციური მოწვევა, პრეზიდენტის თანხმობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის გარეშე.
ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის ცალმხრივი გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე და მას კონსტიტუციის დარღვევა და „საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერება“ უწოდა.მისი თქმით, ამ ქმედებებმა გააძლიერა ერთპარტიული ან ერთპიროვნული კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, და მმართველი პარტიის კონტროლს მიღმა მხოლოდ ოპოზიციური მედია, სამოქალაქო საზოგადოება და პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა, რომლებიც ახლა მნიშვნელოვან ზეწოლასა და დაშინებას განიცდიან.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმ მძიმე პირობებზე, რომელშიც ოპოზიციურ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ მუშაობა. პრეზიდენტი განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინების ფართო სტრატეგიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეპრესიები, თვალთვალი და პოლიტიზირება ფართოდ გამოიყენება. პრეზიდენტმა სიძულვილისა და ბრალდებების მზარდი კამპანიის შესახებაც ისაუბრა, რა დროსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს „ლიბერალ ფაშისტებად“ მოიხსენიებენ და ოპოზიციური პარტიების გაუქმებით იმუქრებიან.
მან ასევე გაუსვა ხაზი მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციის მზარდ გამოყენებას და ეს რუსულ ტაქტიკას შეადარა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია ევროპელი პარტნიორების საჯარო განცხადებებს არ ავრცეელებს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ვერ იგებენ, რომ ხელისუფლება ტყუის. მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობის მნიშვნელობა, რომლებიც კვლავ უპირისპირდებიან ხელისუფლების რეპრესიულ ზომებს და აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების მომავალი
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული კრიზისი სცილდება ჩვეულებრივ პოლიტიკას თუ ხელისუფლების გადამეტებულ ქმედებებს. აღნიშნა რა, რომ არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს მომავლის შესახებ, მან განაცხადა, რომ ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან“. მისი თქმით, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ეს ასევე გამოწვევაა ევროპისთვის. „საქმე ეხება ევროპის სანდოობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ, რომელსაც ახლახანს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, „ფეხქვეშ გათელოს ყველა დემოკრატიული წესი და ნორმა” ან უგულებელყოს ევროკავშირის რეკომენდაციები.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპისთვის და გააფრთხილა, რომ ფსონები ეროვნულ საზღვრებს სცილდება. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ბედი გავლენას ახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან კავშირზე და სომხეთის ევროპულ პერსპექტივაზეც კი.
„თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება… ფსონები ძალიან მაღალია“, – გააფრთხილა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა ევროპისა და რუსეთის აგრესიას შორის უფრო დიდი დაპირისპირების ნაწილია. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო… ვერ დაიმკვიდრა თავი უკრაინაში… და მოლდოვაში… უნდა გაიმარჯვოს საქართველოში? იკითხა მან.
აღიარა რა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება როგორც „პირველო ნაბიჯი“, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბევრად მეტი შეიძლება და უნდა გაკეთდეს”. ქართველები, მისი თქმით, დაუღალავად იბრძვიან მაშინ, როცა ევროპა„ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს“.
პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს ძლიერი და ხელშესახები პოლიტიკური მხარდაჭერისკენ მოუწოდა და მიმართა მათ, თავი აარიდონ ისეთ ვიზიტებს, რომლითაც შეიძლება მანიპულირება მოახდინოს საქართველოს სახელისუფლებო პროპაგანდამ: „პროპაგანდაში ისინი უდავოდ საუკეთესოები არიან“. ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობას და დაინტერესდა: „შეიძლება თუ არა ევროპას ეწოდოს ომის პარტია? შეუძლია თუ არა ევროპას მიიღოს ის, როდესაც მის ელჩებს ქვეყანაში შეურაცხყოფას აყენებენ?” მან მოუწოდა ევროკავშირს უფრო „გეოსტრატეგიული” იყოს თავის პოზიციაში.
მართლმსაჯულება, მისი თქმით, კიდევ ერთი სფეროა, სადაც ევროპას შეუძლია ცვლილების შეტანა. მან უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ბოლო სასამართლო პროცესებზე გამოტანილ ცხრა წლამდე სასჯელებს. პრეზიდენტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროპელმა ელჩებმა სასამართლო პროცესებზე დასწრება დაიწყეს და სასამართლო სისტემის ხარვეზების გამოსავლენად მეტი მონიტორინგისკენ მოუწოდა.
დასასრულს, ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროპას გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი ბერკეტები, როგორც საქართველოს უმსხვილესმა დონორმა და სავაჭრო პარტნიორმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელუსუფლების წარმომადგენლები „ეწევიან პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობის იმპორტს საქართველოში, თუმცა მოხარული არიან, შეინახონ და დახარჯონ თავიანთი ფული ევროპაში“.
„საქართველო გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, განაცხადა მან და პირობა დადო, რომ ქვეყანა დაიცავს თავის „თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს“. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს დააჩქარონ ქმედებები და ჰკითხა მათ: „დააჩქარებთ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, რომ მთელი ზამთარი გაგრძელდეს, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთად დავიცვათ ევროპა და მისი ღირებულებები“, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)