პრეზიდენტი ივანიშვილის „პროვოკაციულ“ გამოსვლას გმობს და ევროპელების მაღალი დონის

2 weeks ago 10

4 მაისს ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად 29 აპრილს გამართულ კონტრაქციაზე „ძალიან პროვოკაციული“ იყო „როგორც თქვენი [ევროკავშირის], ასევე, ქართველი ხალხის მიმართ“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო „დაძაბულ“ ვითარებაში იმყოფება და დასძინა, რომ „ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების“.

კანონპროექტის წინააღმდეგ ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები ქუჩებში „მშვიდობიანად და ძალიან პასუხისმგებლინად დგანან“. მისი თქმით, იგი არცერთი მოძრაობის ლიდერი არ არის, თუმცა, მხარს უჭერს იმ ყველაფერს, რაც „თანხვედრაშია ჩვენს ევროპულ სურვილთან“.

ამ კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ „პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ  ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან … ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არის „პროვოკაცია და ძალადობა“ ხალხზე. მისივე თქმით, „ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული“.

შემდეგ მან 33 წლის განმავლობაში პარტნიორების მხარდაჭერაზე ისაუბრა და დაარწმუნა ევროკავშირის ელჩები, რომ „ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან“.

პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლება „ძალადობრივ რიტორიკაში“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ განაგრძობს სტაბილური გარემოს შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას. „მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება. მან პარტნიორებს მიმართა, რომ „ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღდგომის პერიოდი გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა ყოფილიყო.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებებისათვის და დასძინა, რომ „საქართველოს ევროპული გზა საქართველოს ერთადერთ გზად რჩება (როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი)“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა