პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა

4 hours ago 2

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კვლავ მოუწოდებს ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩაერთოდ და შეხვდეს მას და მხარეებს. პრეზიდენტი, გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც მისი თქმით არის "რეჟიმის ჩამოშლა".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც მას 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე სიტყვის მიკროფონით დასრულების საშუალება არ მიეცა.

"ძალიან არ მოსწონთ როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი" დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.

მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს არაუშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - ამბობს სალომე ზურაბშვილი და იქვე ამატებს, რა გეგმა აქვს, თუკი ბიძინა ივანიშვილი დიალოგზე უარს იტყვის:

"29-დან, უკვე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისი, დიალოგი... მეორე ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი ვინც დღეს კობახიძესთან მივიდა. მთელი დანარჩენი ჯარი ქართული ბიზნესისა, რომლებსაც არ აქვს რუსეთთან მჭიდრო კავშირები, ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა. იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებული და როცა ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.

რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თვლის ოცნება. საჭიროა დათმობა საჭიროა რაღაცების აღიარება, თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე".

ზურაბიშვილის თქმით, ამ მეორე ეტაპისთვის ყველა მზად უნდა იყოს და აცხადებს, რომ თავადაც მზადაა, როგორც პრეზიდენტი, "რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლის".

პრეზიდენტის თქმითვე, თუკი მმართველ ძალასთან დიალოგი ვერ შედგება შეიქმნება საბჭო, რათა "ვმართოთ ეს პერიოდი".

"ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - მომზადება ახალი არჩევნებისთვის".

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა