პრეზიდენტი საპროტესტო აქციების, ოპოზიციისა და სსო-ების როლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

2 weeks ago 8

„ორბელიანების სასახლეში ნამდვილად შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. კონსენსუსის მთავარი პრინციპი არის ევროკავშირისკენ დაა არა რუსეთისკენ სვლა, განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგული რჩება, როგორც არასდროს. პრეზიდენტმა ხაზგასმით გამოყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის როლი საპროტესტო აქციების მხარდაჭერის საქმეშში, რომლებიც, მისი თქმით, „დამოუკიდებელნი“ არიან. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე იმ სარჩელზე, რომელშიც მან არჩევნების ლეგიტიმურობა გააპროტესტა.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციასთან გაფართოებულ შეხვედრაზე მან ისაუბრა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც, მისი თქმით, დამოუკიდებელი პროცესია, არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ნაკარნახევი და მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მისი თქმით, არ არსებობს ქალაქი, სადაც საპროტესტო აქციები არ იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტი დამოუკიდებლად უნდა იყო, თუმცა მას მხარი უნდა დაუჭირონ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, განსაკუთრებით უფლებადამცველებმა და იურისტებმა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაკავებული აქციის მონაწილეების მხარდაჭერის საქმეში. ამ კონტექსტში მან აღნიშნა სპეციალური ფონდის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის დაკისრებული ჯარიმების დაფარვას დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე გააფრთხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაძლო პროვოკაციების შესახებ და აქციის მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

იგი შეეხო ინფორმაციას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდნენ, რასაც მან პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამ დეზინფორმაციის უკან სწორედ „ქართული ოცნება“ დგას.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები არა მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ, არამედ იცავენ მას. მეორე მხრივ, მისი თქმით, მმართველი პარტია მოქმედებდა კონსტიტუციის დარღვევით და ამ კონტესტში პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების გადაწყვეტილება ახსენა.

მან უარყო „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების განცხადება, რომ ხალხმა არასწორად გაიგო მმართველი პარტიის განცხადება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს განცხადება ევროპისთვის ზურგის შექცევას ნიშნავდა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა გაგრძელდება, რადგან სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ უნიკალური საშუალება და შესაძლებლობა ამ „ღრმა კრიზისის“ მშვიდობიანად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოგვარების.

ამ ფონზე, პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ განხილვის თარიღიც კი არ დაუნიშნავს.

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ასევე არის კონსტიტუციური მოთხოვნა – როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი, არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მათ დაგმეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები აღადგენს საქართველოს პარტნიორების ნდობას ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის მიმართ, რადგან პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დიპლომატებმა კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ისე გააგრძელონ საქმიანობა, თითქოს არაფერი მომხდარა.

იგი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მას სურდა ეთერში გასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და განაცხადა, რომ მზადაა ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცეს.

შემდეგ მან ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის 1 დეკემბრის განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, ამ განცხადებებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია დეზორიენტირებულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ელოდა ასეთ მასშტაბურ სახალხო პროტესტს, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ხმაა სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და სხვა სექტორები, მათ შორის ეკლესიაშიც, რომლებიც არ ეთანხმებიან საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების „არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა