პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

1 week ago 8

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები ძალადობრივად გაუსწორდნენ.

პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარქუას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, მალხაზ კანდელაკს, დავით კობიძეს, ნიკოლოზ კოკაიას, ანა ლომთაძე-მდივანს, მარიამ მაქაცარაშვილს, დეა მამისეიშვილს, მიხეილ მარტიაშვილს, მირიან მელაძეს, გივი მჭედლიშვილს, მარიამ ნიკურაძეს, დავით ქაშიაშვილს, ნანა ქაჯაიას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, გენადი ქვაჩახიას, ბექა ყორშიას, გიორგი შეწირულს, მაკა ჩიხლაძეს, ქეთევან ციცქიშვილს, პავლე ხაჩიძეს, ირინა ყურუას, ბესარიონ გაფრინდაშვილს.

„თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. ხელში აიღეთ არამხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არაა მიხვიდე ამ მხეცების წინ და გაბედო მათთვის კითხვების დასმა. იდგე, როცა უშვებენ გაზს. დარჩე ხალხთან ერთად, როცა ჟურნალისტებს ფეხქვეშ თელავენ, არ დანებდე, არ შეგეშინდეს. თქვენ ადგილას ამას მე ვერ გავბედავდი.

ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა ნამდვილი სახე, რაც ჩანს საზღვრებს გარეთ და რაზეც ალბათ შურით გვიყურებენ. არაა დღეს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ასე მშვიდობიანად და ღირსებით იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისთვის, რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან იბრძვის ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება“, — მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები არიან ის ხალხი, რომელთა საშუალებითაც იგებს რა ხდება ქვეყანაში ის ხალხი, ვისაც პროტესტში ფიზიკურად მონაწილეობა არ შეუძლია. ჟურნალისტების საშუალებით იგებენ რა ხდება თავად ქუჩაში მყოფი ადამიანებიც პროტესტის სხვადასხვა კერაზე და სხვადასხვა ადგილას.

სრულად წაკითხვა