ბეპანტენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა, რომელიც დამწვრობის, ნაკაწრებისა და კანის სხვადასხვა დაზიანების მოსაშუშებლად გამოიყენება.
ბეპანთენი — მალამოს სახით იქნება ის, კრემისა თუ ქაფის — თავის საქმეს ერთი კონკრეტული ნივთიერების დამსახურებით ასრულებს, რომელსაც დექსპანთენოლი ეწოდება. იგი ამ საშუალების მოქმედი ნივთიერებაა.
რა არის და როგორ მოქმედებს დექსპანთენოლი
დექსპანთენოლი პანტოთენის მჟავის სპირტოვანი ანალოგია. ბიოლოგიური თვალსაზრისით ორივე ნივთიერება ერთნაირად მუშაობს.
პანტოთენის მჟავა B ჯგუფის ვიტამინების შემადგენელი ნივთიერებაა და ეპითელიუმის (ქსოვილის თხელი ფენა, რომელიც ორგანოებსა და სხვა სტრუქტურებს ეკვრის სხეულში) ნორმალურ ფუნქციონირებაში გადამწყვეტი როლი აქვს. მას კონკრეტულად ვიტამინ B5-ის ანალოგიური ეფექტი აქვს, ანუ ჩვენს ორგანიზმში იგი აღნიშნული ვიტამინის მსგავსად მოქმედებს. ეს მჟავა და მისი მარილები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებიც არაერთ მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს.
პანტოთენის მჟავა სასიცოცხლო კომპონენტია კოენზიმ A-სი. ეს უკანასკნელი კოფაქტორია, ანუ არაცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც ცილას აქტივობისთვის სჭირდება. უფრო ზუსტად, კოენზიმ A კოფაქტორის როლს მრავალ ისეთ ენზიმურ რეაქციაში (ენზიმების, იგივე ფერმენტების, მონაწილეობით მიმდინარე რეაქციები) ასრულებს, რომლებიც ეპითელიუმში ცილების მეტაბოლიზმშია ჩართული. მისი გამართული მუშაობაა საჭირო, რათა ეპითელიუმმა თავისი ფუნქცია ნორმალურად შეასრულოს.
დექსპანთენოლი კანზე მოხვედრისას სწრაფად აღწევს უჯრედებში და ენზიმების მოქმედებით პანტოთენის მჟავად გარდაიქმნება. რადგან იგი სხეულში ასე მარტივად შედის, მას გარე გამოყენების პროდუქტებში ხშირად იყენებენ, იქნება ეს მალამოები თუ ლოსიონები.
დექსპანთენოლის შემცველი საშუალებები ფიბრობლასტების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს; ეს კანის კონკრეტული ტიპის უჯრედებია, რომლებიც შემაერთებელ ქსოვილს აყალიბებს. ახალი კანის წარმოქმნის შედეგად დამწვრობა, ჭრილობები და ნახეთქები უფრო მარტივად შუშდება, ვიდრე ამ საშუალების გამოყენების გარეშე მოხდებოდა. ცნობილია ისიც, რომ დექსპანთენოლი კანს იცავს, ატენიანებს და მის ანთებასაც ამცირებს.
ამ სიკეთეების გამო ბეპანთენს (და დექსპანთენოლის შემცველ სხვა საშუალებებს) ნებისმიერ ასაკში იყენებენ არაერთი პრობლემის დროს. მათ შორისაა:
- მსუბუქი დამწვრობა;
- დაჟეჟილობა;
- კანის გაღიზიანება და ანთება;
- ნაწოლები;
- ანალური ნახეთქები;
- საშვილოსნოს ყელის ეროზია;
- კერტების დაზიანება ძუძუთი კვებისას;
- ჩვილებში გამოყელვის პრევენცია/მკურნალობა.
ცნობილია, რომ გამოყენების შემდეგ პანტოთენის მჟავის დიდი ნაწილი ორგანიზმიდან უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდითა და განავლით.
თუკი ბეპანტენის გამოყენებას გეგმავთ, იგი PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეგიძლიათ შეიძინოთ.

5 months ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·