პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 21 პოზიციით გაუარესდა

4 days ago 1

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) 2026 წლის მონაცემებით, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 114-ე ადგილიდან 135 ადგილამდე გაუარესდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს მაჩვენებელი 75 პოზიციით დაეცა.

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტი 2026 წელს „რთულ“ ან „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიებში მოექცა.  ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საშუალო გლობალური ქულა „არასდროს ყოფილა ასეთი დაბალი“ ბოლო 25 წლის განმავლობაში. საქართველო ასევე კლასიფიცირებულია, როგორც „რთული“ ქვეყანა.

„ერთ წელზე მეტი ხნის დემოკრატიული კრიზისისა და საპროტესტო აქციებისა და მათი გაშუქების წინააღმდეგ რეპრესიების შემდეგ, საქართველო (135-ე ადგილი) ინდექსში 21 პოზიციით დაქვეითდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვის იმ ნაწილში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება. „შემზღუდავი კანონების მიღება და აღსრულება – განსაკუთრებით „უცხოელი აგენტებისა“ და მედიის დაფინანსების შესახებ – და ინფორმაციაზე წვდომის ახალი ბარიერები კანონის უზენაესობის აშკარა ეროზიაზე მიუთითებს“. ინდექსის ზოგად მიმოხილვაში საქართველო ორჯერ არის ნახსენები.

„ომებისა და ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვების“ თემის ნაწილში, RSF-ი საქართველოს, ჰონგ-კონგთან და სალვადორთან ერთად, იმ ქვეყნების მაგალითად ასახელებს, სადაც საინფორმაციო სივრცე ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შემცირდა „პოლიტიკური ცვლილებებისა და სულ უფრო რეპრესიული რეჟიმების გამო“ და აღნიშნავს, რომ საქართველოს დაქვეითება განაპირობა „ბოლო წლებში პრესის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებამ“.

საქართველო ასევე ნახსენებია „ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის“ კონტექსტში. RSF-ის თქმით, პრესის თავისუფლების შესაფასებლად გამოყენებული ხუთი მაჩვენებლიდან, წელს ყველაზე მკვეთრად სამართლებრივი მაჩვენებელი გაუარესდა, განსაკუთრებით ინდოეთში, ეგვიპტეში, ისრაელსა და საქართველოში. ორგანიზაციის თქმით, ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია გლობალურ მოვლენად იქცა.

2025 წლის ნოემბერში, RSF-მ განაცხადა, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევების რაოდენობამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია და ერთ წელიწადში პრესაზე 600 თავდასხმა დაფიქსირდა.

2026 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთი „თანდათან აძლიერებს“ თავის გავლენას საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე, და ყურადღება გაამახვილა ჩინეთის მხრიდან გავლენის გავრცელების იმ ფართომასშტაბიან პროცესზე, რომელიც, საქართველოს ისედაც დასუსტებული მედიაგარემოს პირობებში, ხელს უწყობს „ავტორიტარული ნარატივების“ გავრცელებას და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს. 

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა