პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა

2 weeks ago 7

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 77-ე ადგილიდან 103 ადგილამდე გაუარესდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს და რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრული რჩება, რა დროსაც ადგილი აქვს „ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის ზრდას, ასევე დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისკენ და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებს“.

ქვეყანამ ჯამში 53.05 ქულა მიიღო, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულა საკანონმდებლო ჩარჩოს მაჩვენებელში (67.31), ხოლო ყველაზე დაბალი ქულა (36.23) პოლიტიკურ მაჩვენებელში აქვს. უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის მაჩვენებელი 61.35 ქულაა, ხოლო რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყანას, შესაბამისად, 60.45 და 39.93 ქულები აქვს.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2024“ 2023 წლის მოვლენებს ასახავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. რაც უფრო მეტია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა და პირიქით. 2022 წლიდან მოყოლებული, RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ეფუძნება ხუთ კონტექსტურ მაჩვენებელს, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტს, საკანონმდებლო ბაზას, ეკონომიკურ კონტექსტს, სოციოკულტურულ კონტექსტს და უსაფრთხოებას.

RSF-ის შეფასებები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებით, საქართველოში „მედიაგარემო მრავალფეროვანი და, იმავდროულად, უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა“. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგიონული და სათემო რადიოსადგურები სულ უფრო გავლენიანები ხდებიან, ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს, ხოლო ონლაინ საინფორმაციო გამოშვებების მკითხველი მატულობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, RSF-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის მფლობელობის წესები უგულებელყოფილია, რადგან ძირითადი ქსელები ხშირად პოლიტიკური კავშირების მქონე მფლობელების ინტერესებს ემსახურებიან, ხოლო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედია“ ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდის. ხელისუფლება უგულებელყოფს მედიის კრიტიკას და შესაძლოა ცენზურა, რეიდები და ცილისწამების კამპანიები გამოიყენოს.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, RSF აღნიშნავს: „ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე“. შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განიზრახა გაეკონტროლებინა დამოუკიდებელი რადიოსადგურები და ტელევიზიები, რაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანითა და რუსულიდან კოპირებული „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ინიცირებით გამოიხატა, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად საბოლოოდ გაუქმდა. „სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობა შელახონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონითაა გარანტირებული“, – აცხადებს RSF.

ეკონომიკურ კონტექსტში, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ხაზს უსვამს, რომ ბეჭდური და ონლაინ მედიის სუსტად განვითარებელი სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო იკლებს, დაფინანსება კი ძირითადად დასავლელი დონორებისგან მოდის.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხები, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტ უფლებები და რუსული გავლენა, მნიშვნელოვან სოციალურ დაძაბულობას იწვევს, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. ორგანიზაციის თქმით, „გავლენიანი სოციალური ფიგურები, მაგალითად მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ელექტრონულად კონტროლდებიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რითაც ირღვევა ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროების დაცვის უფლება“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებზე ხშირად ხორციელდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა იმ დაუსჯელობაზე მიუთითებს, რომლითაც ჟურნალისტებზე თავდამსხმელები სარგებლობენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა