პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაიწყო შიმშილობა ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად

3 hours ago 2

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, საპატიმროში მოშიმშილე მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ციხეში შიმშილობა გამოაცხადა აქციებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუდასტურა.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს გამოაცხადა რევაზ კიკნაძემაც. ორივე მათგანის ინტერესებს ავსაჯანიშვილი იცავს.

  • 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს - პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან ორ დღეში;
  • რეზო კიკნაძეც უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია - ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და მას „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“.
  • მზია ამაღლობელი - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი - 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. კოლეგების ცნობით, ის მე-11 დღეა, შიმშილობს.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს პიროტექნიკის სროლას ედავებიან. ადვოკატი სოფიო გორდაძის ცნობით, ნიკოლოზ ჯავახიშვილი დიჯეია, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა (რაც მან შიმშილობით გააპროტესტა), ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც საპროტესტო აქციების დაწყების - 28 ნოემბრის - შემდეგ სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, - მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.

მზია ამაღლობელი აქციაზე დაკავების წინ

მზია ამაღლობელი აქციაზე დაკავების წინ

21 იანვარსვე, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.

ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით - რომელსაც სინდისის პატიმრად მიიჩნევენ, - აქციები ყოველდღე იმართება. 22 იავარს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან მორიგი აქცია გაიმართა.

ამაღლობელის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა, - რომლის წიგნითაც მივიდა ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ - ასე ჰქვია მის წიგნს.

ამასთან, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს.

აქციების დაწყების შემდეგ კიკნაძისა და ჯავახიშვილის მსგავსად - სისხლის სამართლის წესით - დაკავებული ადამიანების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებამ 28 ნოემბრიდან დღემდე 45-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია.

საქმეებს შორისაა ბრალდებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობაზე, პოლიციელებზე თავდასხმაზე, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ნარკოდანაშაულზე.

სრულად წაკითხვა