სასამართლოს სხდომაზე, სადაც უნდა გადაწყდეს დატოვებენ თუ არა პატიმრობაში ჯგუფური ძალადობის საქმეებზე პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს, ადვოკატებმა პროცესის დასასრულს, მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის აცილება მოითხოვეს. ადვოკატებმა ეს საკითხი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის განხილვის დაწყებიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ დააყენს.
აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყნების საფუძველი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა აეხსნა, რატომ დაეთანხმა პროკურატურას და რატომ გაახანგრძლივა ორი თვით საქმის არსებითი განხილვის დაწყება.
მოსამართლემ საუბარი დაიწყო საქმის გარემოებებზე, მის კომპლექსურობაზე, ბრალდების სიმძიმეზე, ჯგუფური ძალადობის ხასიათზე, მტკიცებულებების მოპოვების მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა ადვოკატები, რომლებიც აკრიტიკებდნენ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების გამო და დაუსაბუთებელს უწოდებდნენ. მოსამართლის სიტყვას კამათი მოჰყვა.
მას ადვოკატებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და იკითხეს: „იმისთვის რომ დაცვის უფლების განხორციელება შევძლოთ უნდა ვიცოდეთ პროცედურულად სად ვიმყოფებით, რა ეტაპზე ვართ?“
ასევე იკითხეს, რატომ არ ეწერა დასაბუთებაში ის, რასაც საჯაროდ ახლა ამბობდა პროცესზე: „როდესაც წერდით კარგად ვერ დაწერეთ, როგორც ჩანს“, - თქვა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.
ადვოკატებმა მოსამართლის გამოსვლა დატუქსვად და გადაწყვეტილების წინასწარ დააანონსებად აღიქვეს.
„წინასწარ გაგვიჟღერეთ გადაწყვეტილება“, - თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით კი მოსამართლემ გამოიყენა შანსი საზოგადოების თვალში ადვოკატები დაეკნინებინა.
„თქვენი ხმის ტემბრი იყო დატუქსვა, თქვენ გინდოდათ მართალი ყოფილიყავით ხალხის თვალში და ჩვენ მტყუანი... არ გააკრიტიკებდით, ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს ამ ადამიანების გამო, ვისაც ვიცავდით. ის დრო არაა, მოსამართლემ ადვოკატები და ბრალდების მხარე ტუქსოს“, - თქვა მან.
ბრალდებულის ადვოკატები ფიქრობენ, რომ მოსამართლე მიკერძოებულია და უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. მათი აზრით, ამაზე მეტყველებს საქმის განხილვის დაწყების ორი თვით გადავადების შესახებ გუშინ, 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. 10 დაკავებულის ადვოკატები მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ პროკურორებმა არსებული ვადაც ვერ გამოიყენეს ეფექტურად.
მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა მხოლოდ რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ნუნუ თორდია და თქვა: „გაოგნებული ვარ. 6-7 საათია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მოსამართლეს ახსნა განმარტების უფლება არ მიეცა“.
პროკურორის სიტყვიდან გაირკვა, რომ მოსამართლის მოსმენისას მას ეგონა, რომ ის გადაწყვეტილებას აცხადებდა. ამის შემდეგ პოზიცია შეცვალა, თქვა, რომ „ეგონა“.
„ხმის ტემბრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლეს შეაწყვეტინა განმარტება, რაც შეურაცხყოფაა და დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ხმის ტემბრის შეცვლა აცილების საფუძველი არ არის...“ - თქვა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მისი აცილების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობაზე პასუხის გამოცხადების დროს.
მისი თქმით, წინასასამართლოს სხდომის აზრის გამოხატვა არ არის პოზიციის დაფიქსირება, რადგან მან ეს უკვე დაწერა გადაწყვეტილების მიღებისას.
დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურს შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.