პროკურატურა აცხადებს, რომ გორში პოლიციის მიერ ძალადობის ინციდენტთან დაკავშირებით ექვსი პირია დაკავებული

8 hours ago 4

საქართველოს პროკურატურამ 28 მაისს განაცხადა, რომ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირია დაკავებული.

დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ „ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ ბრალდებით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულებმა „დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას“ და ამ ძალადობის შედეგად, „არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა“.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ ადგილობრივმა მედიასაშუალება „ქართლის ამბებმა“ გორის კომბინატის დასახლებიდან ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ უახლოვდება დაახლოებით ათი პოლიციელი რამდენიმე ადამიანს, ერთ მამაკაცს ძალით მიათრევს დასაკავებლად და რამდენჯერმე ურტყამს ფეხს მიწაზე დაწოლილ მეორე პირს. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ყვირიან მამაკაცები, როდესაც პოლიცია მათ ცემს.

ინციდენტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კადრებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებს „უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.

იმავე დღეს, ნაცემი მამაკაცებიდან ერთ-ერთი, პაპუნა ლოცულაშვილი, ხანმოკლე დროით დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, მას ბრალად „პოლიციელზე თავდასხმა“ ედება, რაც მისი თქმით, „აბსურდულია“. მოგვიანებით, ის ღამით სამედიცინო გამოკვლევისთვის თბილისის „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმმა მედიას განუცხადა, რომ ლოცულაშვილს თავის ზედაპირული ტრამვა, ნეკნის მოტეხილობა, დაჟეჟილობა და მაჯის ღრძობა აღენიშნება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა