საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია, თბილისში სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ორი მოზარდზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გაავრცელა sandotskaro.ge-იმ:
“ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული”.
პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
“შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვუს მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განმარტებით, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ერთ-ერთ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები