პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

2 weeks ago 22

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს ძალადობის ფაქტებზე დაკავებულთა შორის პოლიციის თანამშრომლები არიან.

კერძოდ, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული პროკურატურამ 7 მაისს დააკავა.

7 მაისს გამართულ ბრიფინგზე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაისაშვილის საქმეზე საუბრისას, გვარაკიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება“.

რაც შეეხება ხაბეიშვილზე თავდასხმას, გვარაკიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე“.

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მაშინდელი თავმჯდომარე ხაბეიშვილი, რომელიც ამჟამად ციხეშია, პოლიციამ სასტიკად სცემა 30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. მან სახეზე სერიოზული დაზიანებები მიიღო.

გურამ როგავას საქმესთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.

გვარაკიძის თქმით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი. მან დასძინა, რომ გამოძიება გრძელდება „აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა