საქართველოს პროკურატურამ 2 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია გამოვლენილი. კერძოდ, პროკურატურამ ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა გართულდა. „აღნიშნულის გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ“, – აღნიშნა მიქაიამ.
გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო“, – განაცხადა პროკურორმა. „აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ“.
პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 – 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.
ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ, რისთვისაც, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს ყალბი საბანკო ამონაწერი და ცნობა სამსახურის თაობაზე დაუმზადა.
მიქაიას ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. მათ საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.
„მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო“, – აცხადებს პროკურატურა.
ცხრა ბრალდებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in:

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·