საქართველოს პროკურატურამ 25 თებერვალს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რითიც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩევლის წინააღმდეგ ახალ საქმეში, პროკურატურა მას ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა „არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც მტკვარი ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ეს პროექტი ჩავარდა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 220 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს უკვე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრული მეორე საქმეა, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს ეხება. მანამდე, 2023 წელს, მას ბრალად დასდეს ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 8 253,13 ბიტკოინის მითვისება რომლის ღირებულებაც 39 215 820 აშშ დოლარია. მოგვიანებით მას 2.5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ ახალ საქმეს „გაზრდილ ზეწოლად“ და „თანხის გამოძალვის ოპერაციად“ განიხილავს. „შეფარდებული გირაო არ არის ახალი ზეწოლა იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, უკვე 2 წელია მეკრძალება ქვეყნის დატოვება, დაყადაღებული მაქვს მთელი ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება“, – უთხრა ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ.
„დღეს რეალურად არ არსებობდა ფორმალურად აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების არანაირი საფუძველი. ანალოგიური აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულის მიმართ უკვე გამოყენებულია. მას ისედაც აკრძალული აქვს სახელმწიფო საზღვრების დატოვება, მას ისედაც ჩამორთმეული აქვს პასპორტები და შეფარდებული აქვს გირაო 2,5 მილიონი ლარის ოდენობით“, – განუცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს ახალ საქმეზე საუბრისას.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/01/2025 – ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
- 24/07/2023 – რატომ დევნის ივანიშვილი თავის ყოფილ ფინანსურ მრჩეველს?
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)