WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სამეწარმეო საქმიანობაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მისი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოს სხდომებიდან ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს.

9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი „ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე“.

ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა „ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას“.

,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით, პროკურატურამ აღნიშნა, რომ „საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი“.

უწყებამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და „გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით“.

ეროვნული ბანკის განცხადება

თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, მისი თქმით, ვინაიდან „წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები  გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს“. ბანკმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.

„ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ  დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“, – განაცხადა ბანკმა.

რაც შეეხება თავად შპს „ბიტექსჩეინჯს“, ბანკმა აღნიშნა, რომ ის „დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად“.

ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში 2023 წლის სექტემბერში დაინიშნა, მისი კანდიდატურა მაშინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა, რომელმაც მოგვიანებით მხარდაჭერაზე  უარი განაცხადა. 2012-2016 წლებში იგი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი იყო, მათ შორის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2001-2012 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English