პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

1 hour ago 3

საქართველოს პროკურატურამ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

27 ივლისის ბრიფინგზე გამოსვლისას, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ „ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა“.

„ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა“, – განაცხადა კვიციანმა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა