ნანა ყეინიშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ სამეწარმეო საქმიანობაში ყეინიშვილის შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მან კრიპტოკომპანიაზე ზეწოლა მოახდინა, რათა ამ უკანასკნელს წილები დაეთმო.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს, 17 ოქტომბერს „ფეისბუქზე“ დაწერა: „ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“. მან ასევე აღნიშნა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, „თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის“.
9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი „ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე“.
უწყების ინფორმაციით, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა „ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას“.
იმავე დღეს, რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ამ განცხადებას წინ უძღოდა გამოცემის ორთვიანი ჟურნალისტური გამოძიება იმ ბრალდებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ყეინიშვილი ,,ბიტექსჩეინჯის“ წილების მოპოვებას ცდილობდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლება აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ყეინიშვილის შესაძლო დარღვევების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში იცოდნენ.
რადიო თავისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურის განცხადებამდე სამი დღით ადრე, 6 ოქტომბერს, მან საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
This post is also available in:
civil ახალი ამბები