პრორუსულ ფლანგზე დაპირისპირებაა – მჟავანაძის თქმით, ფიფიამ აგინა და დაემუქრა

1 hour ago 3

პრორუსულ პოლიტიკურ ფლანგზე დაპირისპირებაა.

რუსეთში მცხოვრები მედიაფიგურა ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მას ტელეფონით დაურეკა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მოსკოველმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა.

ვრცელ ვიდეომიმართვაში ნიკოლოზ მჟავანაძე ქართველ მაყურებელს განუმარტავს, რომ მან გარკვეული პერიოდის წინ საქართველოდან მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა იმის გამო, რომ “საქართველოში ქართულ-რუსული ურთიერთობების მხარდამჭერებისთვის” რთული პირობები შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვეების განმავლობაში მჟავანაძე ხშირად აქვეყნებდა ხოლმე რუსეთის საპიარო ვიდეოებს.

როგორც ირკვევა მოსკოვში ის ასპირანტურაში სწავლობს, დაასრულა პირველი კურსი და გადავიდა მეორეზე, პარალელურად კი მართავს გადაცემებსა და საინფორმაციო სააგენტოს.

მჟავანაძის თქმით, როგორც კი მოსკოვში ჩავიდა და აქტიური მოქმედებები დაიწყო, მამუკა ფიფიამ გაავრცელა საჯარო განცხადება ქართულ და რუსულ ენებზე, სადაც აღნიშნა, რომ მას ნიკოლოზ მჟავანაძესთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. მჟავანაძე ამბობს, რომ ფიფიასთვის ეს არავის უკითხავს, თუმცა მან თავისი ინიციატივით გაავრცელა ეს ტექსტი, რათა დარტყმა მიეყენებინა მჟავანაძის რეპუტაციისთვის.

ის აღნიშნავს, რომ ფიფიასთან წლების განმავლობაში ჰქონდა მჭიდრო თანამშრომლობა. მჟავანაძე მას ხშირად იწვევდა თავის გადაცემებში, აძლევდა საინფორმაციო პლატფორმას, აკეთებდა სიუჟეტებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე და ყოველმხრივ მხარს უჭერდა მის საჯარო აქტივობებს.

მჟავანაძე ეხება ფინანსურ საკითხებს, რასაც, მისი თქმით, ფიფია მის წინააღმდეგ იყენებს. მჟავანაძე ადასტურებს, რომ ფიფიამ მას რამდენჯერმე ჩაურიცხა გარკვეული ფულადი თანხა. თუმცა განმარტავს, რომ ეს იყო საფასური იმ უზარმაზარი ტექნიკური შრომისა, რომელსაც ის ფიფიას ინტერვიუების დამონტაჟებისას ეწეოდა. მისი თქმით, ფიფიამ ქართული ენა კარგად არ იცოდა, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და მჟავანაძეს საათობით უწევდა მისი ვიდეოების ჭრა-მონტაჟი, რათა ეთერისთვის მისაღები სახე მიეცა. მჟავანაძე ირწმუნება, რომ ფიფიამ თავად გამოთქვა ამ ფინანსური კონტრიბუციის სურვილი.

მჟავანაძე აცხადებს, რომ ამ მცირე ფინანსური დახმარების გამო ფიფიამ ჩათვალა, რომ მჟავანაძე მისი „მონა“ უნდა ყოფილიყო, დაიწყო შეურაცხმყოფელი ქცევა, რის გამოც მჟავანაძემ მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.

ამის შემდეგ კი, მჟავანაძის ეჭვით, ფიფია მას რუსეთში “ფეხებში ებლანდებოდა”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის კულუარულად ბლოკავდა მას რუსეთში სერიოზული სამსახურის დაწყებაში, აკრედიტაციების მიღებისას და ხალხს მასზე ცუდ ინფორმაციას აწვდიდა.

მჟავანაძემ ახსენა ფრაგმენტი ერთ-ერთი რუსული გადაცემიდან, სადაც მამუკა ფიფია რუსულ ენაზე ამბობს, რომ მასზე პირდაპირი კოორდინირებული შეტევა მიმდინარეობს. ფიფია ირწმუნება, რომ ლიბერალებთან და უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან ერთად, მას ქართული ე.წ. პრორუსული ფლანგიც ებრძვის.

“ორშაბათს მე მივმართავ კომიტეტის ხელმძღვანელს, ლეონიდ კალაშნიკოვს (რადგან მე ვარ დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ექსპერტი), რის შემდეგაც კომიტეტი მიმართავს გენერალურ პროკურატურას, შსს-ს, ფსბ-ს ხელმძღვანელსა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რათა გამოიძიონ, ვინ მემუქრება მე და ჩემს ოჯახს”, – ამბობს მამუკა ფიფია.

მჟავანაძის თქმით, ამ გამოსვლიდან მეორე დღესვე, როდესაც თავად ბელარუსში იმყოფებოდა, მას ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკა ფიფიამ და დაუწყო გინება. მჟავანაძემ ჩაწერა ეს საუბარი და ის სრულად მოასმენინა თავის მაყურებელს.

ჩანაწერში ისმის, როგორ აგინებენ მჟავანაძე და ფიფია ერთმანეთს.

მჟავანაძე ყურადღებას ამახვილებს ფიფიას ფრაზაზე: „ხალხი ბაგაჟნიკით სასაფლაოზე დამყავდაო“. მისი თქმით, ეს არის პირდაპირი მუქარა მისი მისამართით.

მჟავანაძის შეფასებით, ფიფიამ გაანადგურა ყველაფერი, რასაც ხელი მოჰკიდა პრორუსულ ფლანგზე – პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პრაქტიკულად აღარ არსებობს, ოფისები დაკეტილია, ტელევიზია აღარ მუშაობს”. მჟავანაძე ფიქრობს, რომ ფიფია აბუქებს ცნობებს რუსეთში თავისი კავშირების და გავლენების შესახებაც.

მჟავანაძე აცხადებს, რომ ამ ვიდეოს და ჩანაწერის გამოქვეყნება არის პრევენციული ნაბიჯი. ფიფია მას ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით, ამიტომ, თუ მას რაიმე პროვოკაციას მოუწყობენ, საზოგადოებამ და პოლიციამ ზუსტად უნდა იცოდნენ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

მჟავანაძე ეჭვობს რომ მისი ზოგადი კრიტიკა, რომელიც “რუსულ-ქართული ურთიერთობების” თემას ეხებოდა, ფიფიამ საკუთარ თავზე მიიღო.

ის ამბობს, რომ არავის წინაშე არ დაიხევს უკან, რადგან წლებია იბრძვის ამ სფეროში, მაშინ როცა ფიფია მხოლოდ ბოლო ორი წელია გამოჩნდა.

ვიდეოჩანაწერში ნიკოლოზ მჟავანაძე არაერთგზის უსვამს ხაზს, რომ რუსეთში მას საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება და არაა სიმართლე, რომ ის “კრემლში ხელის გულზე დაჰყავთ”.

„…საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ უნივერსიტეტის, არავინ მე არ მყავს, ნათესავები… მეგობრები გავიჩინე, კი ბატონო, მაგრამ არავინ ჩემი მხარდამჭერი არ არის აქ. აი, ღმერთის ანაბარა ვარ რუსეთში, ჩემო მეგობრებო…“

„…კაცი ვარ ჩამოსული, მარტო, რაღაცას ვაკეთებ, იმის მაგივრად გვერდში დამიდგე [მიემართება ფიფიას] რაღაცა, თავს მესხმის… არც რაიმე მხარდაჭერა მიგრძნია, არც რაიმე დაფასება მიგრძნია და პირიქით, თავდასხმების ქვეშ ვარ და უკვე ვფიქრობ, ღირს ამ ქვეყანაში გაგრძელება? ან სწავლის, ან ცხოვრების, როცა ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ – გამოდის მოკრიმინალო ტიპი [და მემუქრება]”, – აცხადებს მჟავანაძე.

მამუკა ფიფიას ჯერჯერობით არ უპასუხია მჟავანაძის ბრალდებებისთვის.

სრულად წაკითხვა