საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცე „ლიმენაში” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება.
„დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონი ჩართულია, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი. მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!” — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დაანონსა რეგიონებში ჩასვლა. გუშინ ის ბათუმში იმყოფებოდა.