ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა და საერთო ანგარიშით 6:5 ფინალში გავიდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „პარკ დე პრენსზე“ პირველი მატჩი 5:4 მოიგო. მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ქართველმა ვარსკვლავმა შეუცვლელად ითამაშა თითქმის 100 წუთი (დამატებით დროის ჩათვლით) და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მე-3 წუთზე სწრაფი შეტევა განავითარა, რომელიც უსმან დემბელემ გოლით დააგვირგვინა და ანგარიში 1:0 გახდა.
არც პირველ ტაიმში და არც მეორე ტაიმის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ფრანგები კარგად იცავდნენ საკუთარ კარს. კვარაცხელიამ რამდენიმე კარგი შეტევა განავითარა, მე-80 წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური თამაშით მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ რეალური შანსით ვერ ისარგებლა. უნდა აღინიშნოს, რომ ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერი, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და რამდენიმე საგოლე დარტყმა მოიგერია.
„ბაიერნმა“ მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება – ჰარი კეინის ზუსტი დარტყმის წინაშე საფონოვი უძლური აღმოჩნდა და ანგარიში 1:1 გახდა (90+4 წუთზე), თუმცა ეს უფრო პრესტიჟის გოლი იყო და „ბაიერნისთვის“ ვერაფერი შეცვალა – „პსჟ“ ფინალში გავიდა ზედიზედ მეორედ, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.
ფრანგული გუნდი ფინალურ შეხვედრაში „არსენალს“ დაუპირისპირდება, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ითამაშებს. ლონდონურმა კლუბმა ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ სძლია.
ფინალური შეხვედრა 30 მაისს გაიმართება ბუდაპეშტში. თამაში თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. ფრანგულ გრანდს აქვს შანსი, ზედიზედ მეორედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს.
აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

12 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·