"პუბლიკის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ

2 weeks ago 6

ონლაინ გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ პოლიციელებიც, თუმცა მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

როგორც "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციასთან მიდიან მოქალაქეები და მიმართავენ, რომ ჰქონდეთ რაიმე რეაგირება მათთან ახლოს მომხდარ ფაქტზე, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელი მანქანიდან არ გადმოდის, მეორე კი მოქალაქეების მოწოდების მიუხედავად მანქანაში მშვიდად ჯდება.

შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ჰყვება თავად გაბაძეც :

"ცისფერ გალერეასთან ამოვიდნენ აქტივისტები, სადაც გრძელდებოდა მხატვრების პროტესტი. ამ დროს უბრალოდ გვერდზე გამოვედი, ვტვირთავდი მასალებს [რედაქციისთვის] და ვახორციელებდი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას, რა დროსაც ვიღაც პირი მომიახლოვდა, მეც შევხედე, [მითხრა] რას მიყურებო, მოვიდა და ძალიან ძლიერად დამარტყა ისე, რომ წარბი გამისკდა მგონი.

ერთი პიროვნება იყო ვინც პირველად მოვიდა, თავს დამესხა და მერე რამდენიმე მირტყამდა. ზუსტად არ ვიცი რამდენი", — ჰყვება ჟურნალისტი.

პოლიციამ ის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, მოგვიანებით კი გაბაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა "პუბლიკის" დირექტორმა, ზურა ვარდიაშვილმაც. მისი თქმით, ჟურნალისტს თავს დაესხნენ "ტიტუშკები":

"ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ ცისფერ გალერეასთან ტიტუშკები თავს დაესხნენ პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა. როცა ხალხი მივარდა და მოითხოვა თავდამსხმელების დაკავება, პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიკეტეს კარი" - დაწერა ვარდიაშვილმა ფეისბუკზე.

გამოძიების დაწყების თაობაზე ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, დაზუსტებულ ცნობებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

სრულად წაკითხვა