პუტინთან კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ კიმის ყველა კვალი წაშალეს

5 days ago 3

ჩრდილოეთ კორეის მეთაურის, კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მკაცრად დადგენილი პროცედურა შეასრულეს ჩინეთში კიმის ვიზიტის დროსაც და მისი კვალი წაშალეს ყველა საგნიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას შეეხო.

შეხვედრა 3 სექტემბერს გაიმართა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც პუტინი და კიმი ჩინეთის მეთაურის, სი ძინპინის საპატიო სტუმრები იყვნენ „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

სააგენტო Reuters-მა 4 სექტემბერს დაწერა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მეთაურის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კარგად გაწმინდეს ყველა საგანი, რომლებსაც კიმ ჩენ ინი შეეხო, ჭიქა კი თან წაიღეს.

ყველა საგანს, რომლებსაც კიმი იყენებს, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები დეზინფექციას უტარებენ როგორც გამოყენებამდე, ისე გამოყენების შემდეგ.

ინფორმაცია, რომ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანმხლებმა თანამშრომლებმა სავარძელი კარგად გაწმინდეს და ჭიქა თან წაიღეს, 3 სექტემბერს, ვიდეოსთან ერთად ტელეგრამით გაავრცელა კრემლის დელეგაციის თანმხლებმა ჟურნალისტმა ალექსანდრ იუნაშევმაც.

კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავისი ჯავშანმატარებლით ჩავიდა. იაპონური გამოცემა Nikkei იაპონიისა და სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ კიმს პეკინშიც ჩაუტანეს პერსონალური ტუალეტი, რათა აღიკვეთოს ექსკრემენტების ანალიზისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების თეორიული შესაძლებლობა.

რამდენიმე წლის წინ მედია წერდა, რომ ამავე მიზნით რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ექსკრემენტებსაც სპეციალური თანამშრომელი იცავს.

სრულად წაკითხვა