პუტინი “არჩევნებში გამარჯვებას” ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის – ამის შესახებ მან საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან რუსეთის ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა და მიმართა: “ჩვენ ყველანი ერთი გუნდი ვართ… მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებთან ერთად ვარ”.

მან ასევე თქვა, რომ “რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”. მისივე თქმით, “გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება”.

ამ დროისთვის კი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 50%-ზე მეტი. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებში პუტინი იმარჯვებს და მან ხმების დაახლოებით 87% აიღო.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, რუსეთის ბევრ ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობდა. რუსეთმა “არჩევნები” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩაატარა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.