WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „სარკისებურად“ უპასუხებს სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრების მიერ რუსეთის სავაჭრო გემების დაკავებას. სახალინზე წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე პუტინმა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი გემების დაკავებას „ძარცვა და მეკობრეობა“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „იძულებული იქნება, სარკისებურად იპასუხოს“, არა აუცილებლად იმ წყლებში, სადაც გემები „დაიკავეს“, არამედ „სადაც ჩვენ თვითონ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის არეალში“.

როგორც გამოცემა „აგენტსტვო“ აღნიშნავს, ივლისის ბოლოს პუტინმა რუსეთის გემების დაკავება უკვე შეადარა მეკობრეობას, მაშინ ის გამოვიდა „საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფარგლებში ფრთხილად მოქმედების“, მოწოდებით, მაგრამ „გადამწყვეტად“ მოქმედებისა. მას შემდეგ რუსეთის მეზღვაურების მიერ უცხოური სავაჭრო გემების დაკავების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის პორტებზე და თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას შავ ზღვაში დაზიანებული ან ჩაძირული გემების შესახებ. ეს ძირითადად მესამე ქვეყნების დროშებით მცურავე სავაჭრო გემებია.

წყნარი ოკეანის ფლოტის სარდალმა ვიქტორ ლიინამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები მზად არიან, დაიწყონ პუტინის მიერ დასახული ამოცანის შესრულება.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირი დაადანაშაულა მისი მისია IRINI-ს გამოყენებაში ლიბიისკენ მიმავალი გემების შესამოწმებლად, რათა „დააშინოს გადამზიდავები და შეაფერხოს ნავიგაციის თავისუფლება“. ამ ქმედებებით ევროკავშირი საკუთარ თავს „სერიოზულ საფრთხეში“ აყენებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა თავისი სამხედრო-საზღვაო მისია IRINI-ის გემებს ხმელთაშუა ზღვაში უცხოური ტანკერების დაკავების უფლება მისცა. ეს ის გემებია, რომლებსაც ბრიუსელი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს მიაკუთვნებს. ეს გემები მესამე ქვეყნების დროშებით დაცურავენ და ისინი რუსეთის სასარგებლოდ ახორციელებენ გადაზიდვებს. ბევრი მათგანი დასავლეთის სანქციების სიაშია შეტანილი, რადგან ისინი სანქციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტებად ითვლება.

Reuters-ის ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან ევროპაში ცხრა ასეთი ტანკერი დააკავეს, მათგან ოთხი - საფრანგეთში. როგორც წესი, გემების მფლობელი კომპანიები ჯარიმდებიან, ხოლო თავად გემებს ათავისუფლებენ. თუმცა, ევროკავშირს ასევე აქვს დაკავებული გემების ტვირთის კონფისკაციის მექანიზმი. უკრაინა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები შეიძლება ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვალოს.