პუტინი მოსკოვს უწოდებს ზელენსკისთან შეხვედრის „საუკეთესო ადგილს", ხოლო დასავლეთის ჯარებს „კანონიერ სამიზნეს“

5 days ago 3

დღეს, 5 სექტემბერს ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა ისევ ახსენა ნატოში უკრაინის „შეთრევის" დაუშვებლობა და გაიმეორა ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ უკრაინაში ჯარების გამოჩენის შემთხვევაში, ისინი რუსეთის არმიისთვის „კანონიერი სამიზნეები“ იქნებიან.

„თუ იქ რაღაც ჯარები გამოჩნდებიან, განსაკუთრებით ახლა, საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, ეს იქნება კანონიერი სამიზნეები“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, „თუ მიღწეული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს“, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების განთავსებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს.

ვლადივოსტოკის ფორუმზე დღევანდელი გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ძირითად საკითხებში უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება პოლიტიკური ნების არარსებობისა და იურიდიულ-ტექნიკური სირთულეების გამო, თუმცა თუ ვინმეს შეხვედრა რეალურად სურს, ამისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის ზელენსკის და კიევის წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

დღესვე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ზელენსკის მოსკოვში იწვევენ სალაპარაკოდ და „არა კაპიტულაციისთვის“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირველად ამ კვირაში, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს მისი და ზელენსკის შეხვედრის მოსკოვში გამართვას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ შეხვედრა არ გსურს, ის მოსკოვში უნდა მიიწვიო, თუმცა ცუდი არ არის, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო შეხვედრაზე საუბარი.

„მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია ყირიმი.
  • კრემლი მოითხოვს, რომ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ, რასაც კიევი გამორიცხავს.
სრულად წაკითხვა