პუტინმა და გაგლოევმა მოსკოვში „სამეკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი

1 week ago 5

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს, გამარჯვების დღის ღონისძიებების ფარგლებში, მოსკოვში შეხვედრა გამართეს და „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება, რომელიც ცხინვალის საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა, ითვალისწინებს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის „თანამშრომლობის გაფართოებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების… სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციისა და ხელშემკვრელ მხარეებს შორის კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით“. ხელშეკრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს „შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები“ მეორე მხარის ქვეყანაში.

მართალია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ახალ შეთანხმებას რუსეთის ანექსიის გეგმების ნაწილი უწოდეს. ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მთავრობა „დუმილისთვის“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს  „თანხმობის ნიშანია, ისევე როგორც რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის კრახი და სუვერენიტეტის მოშლა ამ გზით“.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გაგლოევმა პუტინს უთხრა, რომ ხელშეკრულება იმის დასტურია, რომ „ჩვენი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“. მან დოკუმენტი შეაფასა, როგორც „ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“.  

პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს „ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე სოციალური საკითხების მოგვარებას“.

10 მაისს პუტინმა ხელშეკრულება რატიფიკაციისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ალიმოვი თავის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა ცხინვალთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა