რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალ სტრატეგიაზე "რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის" შესახებ.
განახლებულ სტრატეგიაში პირველად შემოდის "რუსოფობიის" ცნება. ის განსაზღვრულია როგორც "არამეგობრული, წინასწარ განსაზღვრული, მტრული დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეებთან, რუსულ ენასთან და კულტურასთან". ასევე რუსოფობიად ითვლება დისკრიმინაციული ნაბიჯები რუსეთის მიმართ არამეგობრულ სახელმწიფოებად მიჩნეული ქვეყნების მეთაურების მხრიდან.
სტრატეგია ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ექსტრემიზმს იყენებს ჰიბრიდული ომებისთვის და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის. ექსტრემიზმის წყაროებს შორის ნახსენებია უკრაინა, სადაც, რუსეთის ხელისუფლების აზრით, მხარდაჭერილია "რადიკალური ნეონაცისტური ფორმირებები", რომლებიც რუსეთს ემუქრებიან.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინის კრიზისი გამოიყენება რუსოფობიული განწყობების გაღვივებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის. უკრაინიდან მომდინარე საფრთხეთა ლიკვიდაციას სტრატეგია "საკვანძო ამოცანად" განსაზღვრავს.
დესტაბილიზაციის ფაქტორებად აღნიშნულია შეუთანხმებელი საპროტესტო აქციები, რომლებიც "განზრახ" გადაიზრდება მასობრივ არეულობაში, ასევე მიგრანტთა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების "დესტრუქციული მუშაობა".
სტრატეგია ითვალისწინებს იმ პირთა აღრიცხვას, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან ექსტრემისტულ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ასევე "სწავლისთვის არამეგობრული სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, რომელთა მუშაობაშიც არის ექსტრემიზმის ნიშნები".
"არამეგობრული სახელმწიფოების სასწავლო ცენტრების" განსაზღვრის კრიტერიუმი დოკუმენტში დაზუსტებული არ არის.
რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადოს ნებისმიერი, ვინც, მისი აზრით, „უცხოეთის გავლენის ქვეშ“ არის, რაც კანონში ძალიან ბუნდოვნად არის განსაზღვრული. ამისთვის უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღებაც კი არ არის საჭირო.
პირველი „უცხოეთის აგენტები“ რუსეთში 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდნენ. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ საზოგადოების ინფორმირება, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ მიიღო უცხოური დაფინანსება. თუმცა, კანონმდებლობაში მუდმივად ხდება ცვლილებები, რომლებიც ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს „უცხოეთის აგენტებს“ და მათ პირდაპირ დისკრიმინაციას ახდენს. კერძოდ, 2022 წლის ბოლოდან „უცხოეთის აგენტებს“ ეკრძალებათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორობა, კონტრაქტით ჯარში სამსახური და საარჩევნო კომისიის წევრობა.
ამჟამად „უცხოეთის აგენტების“ სიაში 400-ზე მეტი პირია.