WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი სომხეთის საგარეო და ეკონომიკური კურსი, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და მისი შესაძლო გავლენა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) სომხეთის წევრობაზე იყო.

პუტინმა შეხვედრის დასაწყისშივე განაცხადა, რომ მოსკოვი სომხეთთან „მეგობრული, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების“ განვითარებას და სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობრივი ურთიერთობების შენარჩუნებას უჭერს მხარს.

მისივე თქმით, რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, დაახლოებით 30%-იანი წილით. პუტინის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სომხეთში მოქმედ რუსულ კომპანიებზე და იმ პროექტებზე, რომლებიც, მისი თქმით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვების, მშვიდობიანი ატომის, ტრანსპორტისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებში ხორციელდება.

მედიის ცნობით, პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, მოსკოვი აღიარებს სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულება.

„სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ ქვეყნისა და ხალხის ბუნებრივი, კანონიერი უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხმა ხალხმა უნდა განსაზღვროს თავისი განვითარების მიმართულება“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მისივე შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სომხეთის სწრაფვა პრობლემებს ქმნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის წევრობისთვის.

პუტინის თქმით, ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციები და სტანდარტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც შესაძლოა სომხეთისთვის ორივე გაერთიანებაში ერთდროულად ყოფნას ართულებდეს.

პუტინმა ასევე თქვა რომ სომხეთისთვის ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. მისი ინფორმაციით, 2015-2025 წლებში სომხეთის მშპ 10.6 მილიარდიდან 29.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში სომხეთის ექსპორტი ათჯერ გაიზარდა.

შემდეგ პუტინმა ფაშინიანს მოუწოდა, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად შეიტანოს სიცხადე.

„როგორც სომხეთი გადაწყვეტს, ისე იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა შევუსაბამოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა ამ შესაძლო გადაწყვეტილებებს და გვსურს გთხოვოთ, რაც შეიძლება სწრაფად შეიტანოთ სიცხადე ამ საკითხში“, – განაცხადა მან.

პუტინის თქმით, მოსკოვისთვის ეს მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა ააგოს რუსეთმა სომხეთთან სამომავლო, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობები.

როგორც არმენპრესი წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ფაშინიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მომავალში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.

ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარებითა და გაღრმავებით არის დაინტერესებული.

მისი თქმით, რეგიონში ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებსაც ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა შეხედონ.

„კონფლიქტურ სიტუაციაში რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ახლა, როდესაც რეგიონში მშვიდობა დამყარდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სიტუაციას უკვე ახალი მზერით შევხედოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ევროკავშირთან დაახლოების საკითხზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანს ამ ეტაპზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის შესახებ პარტნიორებისთვის ოფიციალურად არ უცნობებია.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა გააანალიზა როგორც რუსეთთან არსებული სახელშეკრულებო ბაზა, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში აღებული ვალდებულებები და „ვერანაირი დარღვევა“ ვერ აღმოაჩინა.

მან ასევე აღნიშნა, რომ EAEU-ის ხელშეკრულება წევრი სახელმწიფოს ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურას ითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ პარტნიორებს გადაწყვეტილების შესახებ ექვსი თვით ადრე უნდა აცნობოს.

„ამ მომენტისთვის ჩვენ პარტნიორებისთვის არ გვაცნობებია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას ვაპირებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, კანონპროექტი თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა იყო და მისი მიღებით სომხეთმა, მათ შორის, რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე უარი თქვა.

ფაშინიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს არ მიიღებდა, ინიციატორებს შეეძლოთ დამატებით 250 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რის შემდეგაც საკითხი რეფერენდუმზე უნდა გასულიყო.

მისი თქმით, საკითხი ჯერ არ არის იმ დონეზე მომწიფებული, რომ საბოლოო არჩევანი სომხეთის მოსახლეობის წინაშე დადგეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს ჰქონდეთ ალტერნატივები. ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური მიზანია. ეს პროცესი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არ არის მიმართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ურთიერთობებს“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანის პოზიციას პუტინი პირდაპირ არ დაეთანხმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება, მისი შეფასებით, არსებითად უკვე ნიშნავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადს.

„სხვა ეკონომიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ კანონის მიღება, არსებითად, ნიშნავს განცხადებას ჩვენი ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ, რადგან იქ და აქ ერთდროულად ყოფნა შეუთავსებელია“, – განაცხადა პუტინმა.

ფაშინიანმა პასუხად აღნიშნა, რომ სომხეთში თავადაც ესმით, საბოლოო არჩევანის გაკეთება გარკვეულ ეტაპზე მაინც გახდება საჭირო, თუმცა, მისი თქმით, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.

„მოვიდა დრო, როდესაც აუცილებელი იქნება ძალიან მკაფიო არჩევანის გაკეთება. უბრალოდ ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ მომენტში ეს დრო ჯერ არ მომწიფებულა“.

ფაშინიანის თქმით, თუ მომავალში რეალური ალტერნატივა შეიქმნება, სომხეთი არჩევანს გააკეთებს – რეფერენდუმის გზით ან მის გარეშე.

შეხვედრის ბოლოს პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ, მისი აზრით, მთავარი საკითხი სომხეთისთვის რეალური არჩევანის შექმნაა.

„ვეთანხმები იმას, რომ ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. ხოდა, შექმენით ეს შესაძლებლობა და დავხუროთ თემა. ახლა ყველაზე მარტივია ადამიანებს მიმართო და ჰკითხო: რა გსურთ – ასე თუ ისე? და მორჩა“.