ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისი-1 ივლისს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა დელეგაციამ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი „ნაჩქარევად იმპლემენტაციის“ გამო.
„აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს“, – განაცხადა სამინისტრომ.
ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“.
„საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი“, – აღნიშნა სამინისტრომ.
„ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში ნათქვამია, რომ მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოლაპარაკებებში მათი „უწყვეტი ჩართულობა“ ადასტურებს მათ „ერთგულებას ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ“.
„რეგიონში არსებული რთული სიტუაციისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს GID-ის წვლილის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მონაწილეებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება“ მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ, რაც, მისი თქმით, „მოლაპარაკების საიმედო ჩარჩოს“ წარმოადგენს.
მოსკოვმა კვლავ მოუწოდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „გრძელვადიანი უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად „პრაქტიკული ზომების“ მიღებისკენ, მათ შორის „საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ მეშვეობით. სამინისტროს თქმით, ასეთი შეთანხმება „არა მხოლოდ ხელშესახებ სტიმულს მისცემს მოლაპარაკების პროცესს […], არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას“.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება „ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში ალიანსის მიერ სამხედრო წვრთნებისა და სხვა სამხედრო აქტივობების ჩატარების ფონზე“, რომელსაც სამინისტრომ „აგრესიული“ უწოდა.
მეორე სამუშაო ჯგუფში დევნილთა საკითხის განხილვაზე უარი ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში დევნილების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის წარდგენით ახსნეს და მას თბილისის მიერ ამ პრობლემის პოლიტიზების მცდელობა უწოდეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2026 წლის ნოემბერში გაიმართება.
This post is also available in:

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·