გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ ზაფხულის სეზონის სამუშაო ტანსაცმლის შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი ვერ შედგა. მიზეზი კი, ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიის დისკვალიფიკაციაა.
მას შემდეგ, რაც სააგენტომ შპს “თერძის” დისკვალიფიკაცია მიანიჭა, აღნიშნულმა კომპანიამ ეს ფაქტი შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.
საჩივრიდან ირკვევა, რომ “თერძი” კეთილმოწყობის სააგენტომ იმიტომ დაიწუნა, რომ კომპანია ფოსფორის ფერი ჟილეტის ნაცვლად, ყვითელს სთავაზობდა, თუმცა აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კეთილმოწყობის სააგენტომ გამოაცხადა ახალი ტენდერი, სადაც მოთხოვნად ფოსფორისფერი ჟილეტის ნაცვლად, ყვითელია მითითებული.
„ვითხოვთ განმარტოს შემსყიდველმა რა ფერია ფოსფორისფერი, ეს სახელწოდება აღნიშნავს მხოლოდ იმას რომ ჟილეტი შუქის მოხვედრისას უნდა ანათებდეს თუ არა? აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სააგენტომ გამოაცხადა ახალი ტენდერი სადაც ჟილეტის ფერი მიუთითა ყვითელი. ყვითელი ფერი რომ უნდოდათ (არა და ვიცით რომ ეგ ფერი უნდათ) რატო ახდენენ ჩვენს დისკვალიფიკაციას?”, – მიუთითებს “თერძი” საჩივარში.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, კეთილმოწყობის სააგენტო 355 ცალ ჟილეტთან ერთად, 240 საზაფხულო ქურთუკის, 155 შარვლის, 299 მაისურის, 252 კეპის და 5 330 წყვილი სამუშაო ხელთათმანის ყიდვას გეგმავს.
32 000 ლარის ღირებულების ტენდერი კეთილმოწყობის სააგენტომ 11 მარტს გამოაცხადა, ჯერჯერობით აღნიშნულ ტენდერში არცერთი პრეტენდენტი არ გამოჩენილა, საჩივარი კი, კვლავ განხილვის ეტაპზეა.