ქართველ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება მრავალმილიონიანი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს. კილაძემ, რომელსაც ბრალდების მხარე ქოლ-ცენტრების ქსელის მართვის უკან მდგომი ორგანიზებული ჯგუფისთვის მედია მხარდაჭერის გაწევას ედავება, ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების დაკვეთით ხორციელდება.
განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 17 ნოემბერს გამოაცხადა. სასამართლო პროცესი მედიისა და საზოგადოებისთვის დახურული იყო და მხოლოდ საბოლოო სხდომაზე გაიხსნა პრესისთვის. სასამართლომ მისი ავტომობილისა და 30 000 აშშ დოლარის კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.
კილაძემ, რომელიც ცნობილია სკანდალური რეპორტაჟებით და ადრე გამოცემების CNews-ისა და „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი იყო, აღნიშნულ საქმეს „დადგმული სცენარი“ უწოდა.
სასამართლოში წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე მის წინააღმდეგ „პოლიტიკური დაკვეთის“ შესრულებაში დაადანაშაულა. „სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე“, – განაცხადა მან.
„ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე“, – იტყობინება „პუბლიკა“ კილაძის სიტყვებზე დაყრდნობით.
კილაძე 18 თებერვალს თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, რომელთა შორის ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც იყო, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ „საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა“.
მისი თქმით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს „თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით“.
„იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, – განაცხადა პროკურატურამ თებერვალში.
This post is also available in:
civil ახალი ამბები