ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე იქნა მიღებული. უწყების მტკიცებით, სანაიას მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეურაცხყოფას შეიცავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს გამოაცხადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ეს უკანასკნელი სანაიას სადავო პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
სანაიას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლით წაუყენეს. აღნიშნული მუხლი კრძალავს საჯარო მოხელეების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას ან სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედების განხორციელებას და ითვალისწინებს ჯარიმას 2 500-დან 6 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 60 დღემდე ვადით.
ეს სანაიასთვის უკვე მეორე პატიმრობა და მესამე სასჯელია მსგავსი ტიპის სამართალდარღვევისთვის. 22 ივლისს მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძეს ეხებოდა. მანამდე, 10 ივლისს, სანაიას 6 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და მაშინაც მისი პოსტი “ფეისბუქზე” პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ეხებოდა.
19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტსა და ვიდეოს ეხებოდა. 22 ივლისს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, სანაიამ „ფეისბუქზე“ დაწერა: „14 დღე ყ****ი არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
5 აგვისტოს, გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე წუთში, სანაიამ „ფეისბუქზე“ კვლავ მიმართა ამ ორ პოლიტიკოსს. „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*****ს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს“, – დაწერა სანაიამ. „ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ****ს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
This post is also available in:
civil ახალი ამბები