ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სოლიდარობას უცხადებენ ქართველ კოლეგებს

1 week ago 3

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სოლიდარობას უცხადებენ ქართველ კოლეგებს. მათ განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს.

ხელს ამ მიმართვას 80-მდე ჟურნალისტი აწერს.

„ჩვენ, IPI-ის გლობალური ქსელისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედიის ქსელის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც მოჰყვა მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე შეეჩერებინა.

საქართველოსთვის პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გაბედულ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას, უკიდურესად მტრულ და სახიფათო გარემოშიც კი. მათი საქმიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე იმ მოვლენების შესახებ, რაც ახლა საქართველოში ვითარდება.

ჟურნალისტებს სასტიკად სცემენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან და აკავებენ. ამას გარდა, მათ აპარატურას ართმევენ და ანადგურებენ და მუშაობაში ხელს უშლიან. ამავდროულად, მთავრობა აგრძელებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას.

ადგილობრივი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე, 90 ჟურნალისტს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან მუშაობაში შეუშალეს ხელი. დაზარალებულთა უმეტესობა წარმოადგენს თბილისში მდებარე დამოუკიდებელ და კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს.

მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმები ხდება პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და დემოკრატიის უკუსვლის ფონზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიის გარემო უფრო მეტად მტრული და საშიში გახდა, რადგან კრიტიკული ხმების ჩასახშობად სამართლებრივი და ინსტიტუციური ბერკეტები გამოიყენება.

ჩვენთვის საქართველოს თავისუფალი მედიის სიმამაცე და გამძლეობა შთამაგონებელია. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო თქვენი სიმამაცე – შთაგონების წყაროა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენთქვენ სრულ სოლიდარობას გიცხადებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა