ჟურნალისტებმა დაადგინეს ომში დაღუპული 88 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა

4 hours ago 1

ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის 88055 სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიღუპნენ. დანაკარგების ათვლას BBC-ის რუსული სამსახური და „მედიაზონა“ ერთობლივად აწარმოებენ მოხალისეთა გუნდთან ერთად.

გამოძიების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ დაკარგა მინიმუმ 6083 ელიტური სპეციალისტი. ამ კატეგორიაში ჟურნალისტებმა შეიყვანეს კადრის სამხედროები საჰაერო-სადესანტო ძალების, საზღვაო ქვეითების, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის რიგებიდან, ასევე სამხედრო მფრინავები.

მათ შორის ყველაზე დიდი დანაკარგია საჰაერო-სადესანტო ძალებში - 3240 კადრის სამხედრო, მათ შორის - 654 ოფიცერი. კადრის მედესანტეების გარდა დაიღუპა ასევე 253 ადამიანი, რომლებიც საჰაერო-სადესანტო ძალებში იყნენ მობილიზებული. გარდა ამისა, დაიღუპა 419 მოხალისე, რომლებმაც სადესანტო-საიერიშო ქვედანაყოფებთან მოაწერეს ხელი კონტრაქტებს უკვე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ელიტურ სპეციალისტთა შორის დანაკარგების მიხედვით მეორე ადგილზე არიან საზღვაო ქვეითები - ცნობილია 1247 კადრის სამხედროს, მათ შორის 214 ოფიცრის დაღუპვის შესახებ.

2025 წლისთვის ჟურნალისტებმა მოახერხეს, დაედგინათ გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის 580 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი, თითქმის ყოველი მეხუთე მათგანი ოფიციერია. როგორც BBC აღნიშნავს, ეს ძალიან მგრძნობიარე დანაკარგია, ვინაიდან გრუ-ს ვიწრო სპეციალობების მეომართა მომზადებას წლები შეიძლება დასჭირდეს.

ასევე მოახერხეს, დაედასტურებინათ 267 სამხედრო მფრინავის დაღუპვა. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ეს სერიოზული დანაკარგია სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ვინაიდან სამხედრო ავიაციის მფრინავებს წლების განმავლობაში ამზადებენ.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ომის დაწყებიდან დაიღუპა 19961 მოხალისე, 15315 კონტრაქტის ჯარისკაცი, 15237 ყოფილი პატიმარი და 10397 მობილიზებული ჯარისკაცი.

მკვლევრები სიებს აწარმოებენ ღია წყაროების მეშვეობით: მედიაზე, ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებებზე, სოცქსელებში ნათესავების პოსტებზე და სასაფლაოების მონაცემებზე დაყრდნობით. მათ მიერ გამოკითხული სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტების ხედვის არეში ხვდება დაღუპულთა 45%-დან 65%-მდე. ჟურნალისტთა შეფასებით, რუსეთის მხარეს დაღუპულთა რეალური რიცხვები 135470-დან 195678-მდე ადამიანი უნდა იყოს.

მოსკოვი და კიევი არ აცხადებენ უკრაინაში ომის პერიოდში თავიანთ დანაკარგებს და მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ლაპარაკობენ. სამხედრო კონფლიქტებში მხარეები ხშირად აზვიადებენ ხოლმე საკუთარ წარმატებას და ამცირებენ მოწინააღმდეგისას. BBC-სა და „მედიაზონის“ კვლევა დაღუპულთა რაოდენობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი შეფასებაა.

სრულად წაკითხვა