გულნოზა საიდი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (The Committee to Protect Journalists, CPJ) ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი.
“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ღრმად შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. საქართველო დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის იქ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. სამწუხაროდ, ამჟამად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ამა წლის გაზაფხულზე „უცხოური აგენტების“ კანონის, ე.წ. „კანონის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ეს მედიის თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის სრულად ამოქმედებული, კანონის აგრესიული განხორციელების შემთხვევაში, მას აქვს პოტენციალი, რომ გაანადგუროს საქართველოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის სცენა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ამ ფონზე, გასული კვირის განმავლობაში პოლიციის მრავლისმმეტყველი სისასტიკე მიმართული იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ პრო–ევროკავშირის პროტესტს, ღრმად შემაშფოთებელია. ჟურნალისტებმა თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე ძალადობის შიშის გარეშე თავისუფლად უნდა აკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაშავებული ათობით ჟურნალისტი, ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად იყო სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შოკისმომგვრელი მოქმედების სამიზნე. თუ პოლიციელები არ აგებენ პასუხს ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის და თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს მკაფიო ნაბიჯებს ჟურნალისტების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად, ეს საშინელ სიგნალია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრესის თავისუფლებას არ სცემს პატივს და აძლიერებს იმის შიშს, რომ ისინი მომავლშიც დამოუკიდებელი პრესის დარბევას აპირებენ.
– “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ქართველ ჟურნალისტებს როგორ შეიძლება დაეხმაროს?
– ჩვენი განცხადება “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” გმობს პოლიციის სისასტიკეს ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საქართველოს საპროტესტო აქციებს აშუქებენ” “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. ჩვენ ვაგრძელებთ ჟურნალისტების მხარდაჭერის გზების თაობაზე კონტაქტს ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და პრესის თავისუფლების დამოუკიდებელ ჯგუფებთან; ასევე ადგილზე საერთაშორისო პარტნიორებთან. CPJ ფინანსურ დახმარებას უწევს საპროტესტო აქციებში დაშავებულ მედიის მუშაკებს. ჩვენ მზად ვართ იურიდიული მხარდაჭერა გავუწიოთ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მისი საქმიანობის გამო; პარტნიორი ორგანიზაციები კი მედიას ჟურნალისტების დაზიანებული აღჭურვილობის შესაცვლელად აფინანსებენ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ CPJ-ის უსაფრთხოების მითითებებს პროტესტისა და არეულობის გაშუქების თაობაზე და მზად ვართ ნებისმიერ ჟურნალისტს ან ნიუსრუმს, რომელიც ამას მოითხოვს, უსაფრთხოების რჩევების უფრო დეტალური აღწერა მივაწოდოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა ორგანიზაციებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდიონონ, რათა პრესის თავისუფლება ხელშეუხებელი იყოს; გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის იმ სამართალდამცავი ოფიცრის პასუხისგებაში მიცემაც, ვინც პრესის წარმომადგენელზე ძალადობს.
– “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” 2023 წლის ჯილდოს მფლობელი ნიკა გვარამია პოლიციამ კანონმდებლობის უხეში დარღვევით დააკავა და ახლა იგი პატიმრობაშია…
– CPJ-მ უკვე გამოთქვა შეშფოთება “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” 2023 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელის, ნიკა გვარამიას დაკავებისა და მოპყრობის გამო. ჩვენ კიდევ უფრო შეშფოთებულნი ვართ იმ ამბებით, რომ მას 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა იმ ინციდენტისთვის, როდესაც პოლიცია მას თავს დაესხა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ ჟურნალისტიკა მიატოვა და პოლიტიკაში წავიდა, მის მიმართ მოპყრობის წესი და დაპატიმრება, როგორც ჩანს, დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის ისეთვე ნიმუშია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პრესის თავისუფლებაზე საკანონმდებლო დონეზე თუ ფიზიკურ თავდასხმებში. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ – დაიცვას სიტყვისა და პრესის თავისუფლება.