ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

1 week ago 6

10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე, ის კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით იყო დაბარებული, მოწმის სტატუსით ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. როგორც ნიკურაძემ თქვა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მას ზოგად შეკითხვებს უსვამდნენ.

"ძირითადად აინტერესებდათ სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ როგორც ჟურნალისტი. ერთი უცნაური კითხვა ჰქონდათ, ჩემთვის - რა გეცვა ხოლმეო და ჩემი ცნობილი ლურჯი ქურთუკი დააკონკრეტა, ეს ხომ გეცვა ხოლმეო. არ ვიცი რა შუაში იყო ეგ. მაგრამ ძირითადად მისვამდა ზოგად კითხვებს აქციაზე როგორი სიტუაცია იყო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მე თუ დავინახე ვინმე კონკრეტული, მოუწოდებდა თუ არა ხალხს ძალადობისკენ. არ მახსოვს, ორგანიზატორი აქ ჰყავს ამ აქციებს. მართლაც ზოგადი იყო შეკითხვები ამ ერთი კითხვის გარდა. ოქმს გავეცნობი და მერე ვნახოთ რა იქნება. ჩემი გადაღებული მასალა საერთოდ არ უხსენებიათ. ჩემი აზრით და ადვოკატსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ გამოკითხული ხალხისგან სურთ მიიღონ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას არ ემორჩილებოდნენ და ძალადობრივი იყო თუ არა, ამის მოსმენა სურთ", - თქვა მარიამ ნიკურაძემ.

ბოლო 13 დღის განმავლობაში პოლიცია, როგორც მედიის სხვა წარმომადგენლებს, მასაც უშლიდა ხელს მუშაობაში. ნიკურაძეს აქციების დარბევისას ორი ფოტოკამერა დაუმტვრიეს, ერთ-ერთ საღამოს კი მუშაობისას შსს-ს თანამშრომელმა ხელის კვრით ის მიწაზე დააგდო.

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორებს.

6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ „პუბლიკის“ რეპორტიორ მინდია გაბაძეს, სპეცრაზმის წარმომადგენელი თავს დაესხა ასევე „ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას. ფიზიკურად გაუსწორდნენ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც.

გამოკითხვაზე დაიბარეს, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძეც.

„კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია“, - აღნიშნავენ გამოცემაში.

როგორც მინდია გაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ მასზე განხორციელებული ძალადობის საქმის ფარგლებში. უცნობი პირები მას 6 დეკემბერს დაესხნენ თავს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ეროვნულ გალერეასთან. მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა