„ქართული ოცნების“ მიერ გატარებული განათლების რეფორმის (რომელსაც ოპონენტები “დეფორმას” უწოდებენ) შემდეგ ჩატარებული ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. გასულ წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, თუმცა უნივერსიტეტებს მიღმა დარჩნენ.
რამ გამოიწვია ეს აცდენა და რამდენად გაამართლა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმამ – ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ განათლების მკვლევარს, ლელა ჩახაიას ესაუბრა.
ათასობით აბიტურიენტი წელს საერთოდ ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში. იმის ფონზე, რომ საჯარო უნივერსიტეტებში 3 847 ადგილი შეუვსებელი დარჩა, ხოლო კერძოებში – 3 540, რატომ მივიღეთ ასეთი აცდენა? ეს საგამოცდო ბარიერის პოლიტიკის ხარვეზია თუ უნივერსიტეტებში ადგილების არასწორი გადანაწილების?
ასეთი აცდენა ყოველ წელს ხდებოდა. ცოტა დრო დასჭირდება და შეგვიძლია გავაანალიზოთ, რა დონეზე იყო წინა წლებში და რა დონეზეა ახლა ეს აცდენა. თუმცა, ეს არ არის ახალი მოვლენა, რომ, ერთი მხრივ, ადგილები არ ივსება და ამავე დროს რჩებიან აბიტურიენტები, რომლებიც ვერსად ვერ ხვდებიან.
შარშან 700-მდე იყო ისეთი აბიტურიენტის რაოდენობა, ვინც ბარიერი გადალახა და ვერსად მოხვდა. შარშან საჯარო უნივერსიტეტებში დაახლოებით 5 500 ვაკანტური ადგილი დარჩა, კერძოებში – 7 500. ანუ, შარშან მეტი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი (აბსოლუტური რიცხვებიც და პროცენტულიც), მაგრამ თითქმის 2.5-ჯერ ნაკლები იყო იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც გადალახა ბარიერი, მაგრამ ვერსად მოხვდა. ანუ, შარშან უფრო მეტი შეუვსებელი ადგილი რჩებოდა მთლიანობაში და ასევე უფრო მეტი იყო ისეთი პროგრამების რაოდენობა, სადაც ეს ხდებოდა.
წელს, რადგანაც შემცირდა გამოცხადებული ადგილების რაოდენობა როგორც კერძო, ასევე საჯარო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, გაიზარდა ისეთი აბიტურიენტების რაოდენობაც, რომლებიც ვერსად ჩაირიცხნენ. წელს დაახლოებით 1 800 აბიტურიენტი არის ასეთი.
სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ოფიციალური არგუმენტი იყო, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიმართულებებზე ადგილები შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილდებოდა. თუ შევხედავთ კონკრეტულ მიმართულებებს, მაგალითად, სამართლის სპეციალობას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა (652-ით) შემცირდა, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში (332-ით) გაიზარდა. როგორ ხსნით ამ დისბალანსს – თუკი რეფორმის დეკლარირებული მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია იყო, რატომ აისახა ეს შეზღუდვა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე?
როცა გამოცხადდა ეს შრომის ბაზრის ანალიზი მიზეზად, მაშინვე ვსაუბრობდით ამაზე, რომ გარდა იმისა, რომ შრომის ბაზრის ასეთი ტიპის ანალიზზე დაყრდნობით უნივერსიტეტის კვოტების განაწილება ისედაც მიუღებელია, სრულიად არ შეესაბამება არც უმაღლესი განათლების მიზნებს, არც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას და არაფერს, ისედაც უაზრობაა, იმიტომ, რომ საჯარო უნივერსიტეტში რომ შეზღუდო და კერძოში არ შეზღუდო, მაშინ რა აზრი აქვს, ხომ? რა მნიშვნელობა აქვს, შრომის ბაზარზე შედის საჯარო უნივერსიტეტდამთავრებულიც და კერძო უნივერსიტეტდამთავრებულიც. ამას არანაირი აზრი არ აქვს.
ლელა ჩახაიამეორე ამბავია ის, რომ სადაც გაზარდეს კვოტები, იქ რა მოხდა. თემების მიხედვით უნდა გაკეთდეს ანალიზი და ალბათ, უფრო თვალნათლივ დავინახავთ. მაგრამ ახლა უკვე რაც ჩანს, რამდენიმე პროგრამას შევხედე, სადაც ძალიან გაზარდეს კვოტები… მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან გაზარდეს ადგილები. სავარაუდოდ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ [თსსუ-ს] უცხოელი სტუდენტების მიღება შეუზღუდეს და ამის დასაკომპენსირებლად, რომ უნივერსიტეტს შემოსავალი მაინც ჰქონოდა, გაუზარდეს მიღება ადგილობრივ აბიტურიენტებზე. თუმცა ახლა დავინახეთ, რომ ფაქტობრივად, ამ გაზრდილი კვოტების მხოლოდ მესამედი შეივსო.
აი, მაგალითად, სატყეო საქმის პროგრამაზეც ასევე ძალიან გაზარდეს კვოტები, მაგრამ იქაც ძალიან ცოტა მიღება აქვს. მაშინ ამას რა აზრი აქვს? მაშინ ამას თან უნდა ახლდეს სხვა წამახალისებელი ფაქტორები ან ცნობიერების ამაღლება, რომ თუ აქ ჩააბარებთ, რაღაცას მიიღებთ – ვთქვათ, სტიპენდიას. თუკი ფიქრობენ, რომ მეტყევეები სჭირდება შრომის ბაზარს და ქვეყანას, მაშინ იმ პროგრამაზე უნდა დაგეგმო სხვა ღონისძიება, რომ მოიზიდო აბიტურიენტები. მხოლოდ კვოტის გაზრდა არაფერს ნიშნავს.
მეორე მხრივ, დავინახეთ, რას ნიშნავს კვოტის შემცირება ისეთ პროგრამებზე, სადაც ადრეც ვიცოდით, რომ ძალიან დიდი კონკურსი იყო. მაგალითად, როგორიც არის საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია – ეს პროგრამები ძალიან ბევრ აბიტურიენტს ჰქონდა პირველ პრიორიტეტად არჩეული და დიდი კონკურსი იყო. ახლა დავინახეთ, რომ ამ პროგრამებზე ძალიან მაღალქულიანი აბიტურიენტები მოხვდნენ. ანუ იმ პროგრამებზე, სადაც შეიკვეცა მიღება, რეალურად ძალიან დიდი კონკურსი იყო და შესაბამისად, მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტები მოხვდნენ.
ეს შრომის ბაზრის არგუმენტი მარტო ცალმხრივი გამოდის. თითქოს არის მოთხოვნის არგუმენტი, მაგრამ მოთხოვნა არის ორგვარი. ერთია ეს შრომის ბაზარი რას ითხოვს – ეგ რამდენად გამართლებულია და რამდენად რაციონალურია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მეორეა ასევე აბიტურიენტის მოთხოვნა, რომელიც საერთოდ არ არის შრომის ბაზარზე დამოკიდებული. ეს არის აბიტურიენტის აღქმა, რომ მას შეიძლება რაღაც შრომის ბაზრის გამო კი არ სურს, არამედ სოციალური პრესტიჟის გამო, ან ზოგადი ინტერესის გამო, ან შეიძლება სულაც მოდაშია რაღაც სპეციალობა და ეს უნდა. ეს ორი რაღაცა თუ აცდენაშია, მაშინ არანაირი რეალური შედეგი ამ კვოტების გაზრდას და შემცირებას არ აქვს, როგორც ახლაც დავინახეთ.
საჯარო უნივერსიტეტებს შორის მკვეთრი დისბალანსი გამოიკვეთა: თსუ-სა და სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონულ უნივერსიტეტებში – შემცირდა. საბოლოო ჯამში კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 847 ადგილი დარჩა ვაკანტური, ამას როგორ ხსნით?
მე არ მიყვარს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ცალკე გამოყოფა და საუბარი, მაგრამ ვერსად გავექცევით [ფაქტს]. პირდაპირ რომ შევხედოთ დიაგრამებს: სად რამდენით შემცირდა ეს კვოტები, ან პროგრამები, ილიას უნივერსიტეტი იმდენად გამოკვეთილია ყველასგან, რომ შეუძლებელია [ვერ დაინახო]. მესამეკლასელს რომ აჩვენო ეს დიაგრამები და ჰკითხო, „აბა, რომელია განსხვავებული?“, პირდაპირ ილიას უნივერსიტეტს დაადებს ხელს. ილიას უნივერსიტეტზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ამას ჩარიცხვებიც არ სჭირდებოდა. როცა კვოტები გამოქვეყნდა, არცერთი გამონაკლისი არ გააკეთეს, როცა სხვა შემთხვევებში დაუშვეს.
პროტესტი ილიაუნის დასაცავად„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი არსად არ დაიცვეს, ილიას უნივერსიტეტის გარდა. ყველგან არის დუბლირებული პროგრამები. არქეოლოგიის პროგრამა, არქიტექტურის პროგრამა, ინფორმატიკის პროგრამა… დუბლირებულია სხვადასხვა [სახელმწიფო] უნივერსიტეტში, ანუ ეგ არ იყო პრობლემა.
მეორე მხრივ, ილიაუნის შემთხვევაში არ დაიცვეს ისეთი პრინციპი, რომელიც ვითომ თვითონვე ჰქონდათ გაცხადებული — უნივერსიტეტებისთვის ტრადიციული ფაკულტეტების დატოვებას ვგულისხმობ. ილიას უნივერსიტეტისთვის ტრადიციული იყო ანგლისტიკა, რომელიც ასევე არ დაუტოვეს უნივერსიტეტს. ასევე ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში [არ დაიცვეს] უნიკალურობის პრინციპი, იმიტომ, რომ მართლა უნიკალური პროგრამები ჰქონდა, რომლებზეც აღარ არის მიღება. ცხადია, რომ ილიას უნივერსიტეტი კონკრეტული სამიზნე იყო და ჩარიცხვები ახალს ვერაფერს გვიჩვენებდა. თუკი 400 ადგილია გამოცხადებული, 400 ადგილზე მეტს ვერ მიიღებ და სხვათა შორის, ილიას უნივერსიტეტის იმ მცირე რაოდენობის კვოტებზეც საკმაოდ დიდი კონკურსი იყო.
ილიას შემდეგ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, იყო რეგიონების უნივერსიტეტები. იქაც დავინახეთ მკვეთრი შემცირება. დავინახეთ, რომ იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც ეს უნივერსიტეტებია, ბევრად უფრო ნაკლებად ირჩევს მათ და გადადის სხვაგან. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია [რეფორმის] ერთ-ერთ პრინციპთან – დეკონცენტრაცია/დეცენტრალიზაციასთან, რომ თბილისში არ იყოს ყველაფერი თავმოყრილი. უფრო დეტალური ანალიზის გაკეთება შეიძლება იმაზეც, რომ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, ცხოვრობდნენ ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, გორში და წინა წლებში ირჩევდნენ იმ უნივერსიტეტებს და ახლა ვეღარ ირჩევენ, ისინი სად მიდიან. სად წავლენ? წავლენ ან ქუთაისში, ან თბილისში, ან ბათუმში, მეტი ვარიანტი არ არის, ხომ? იმიტომ, რომ სხვაგან ეს მრავალპროფილური უნივერსიტეტები არ არის. სხვათა შორის, ქუთაისშიც არ გაზრდილა დიდად მიღება. არ ვიცი, სად წავიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ დეკონცენტრაცია და დეცენტრალიზაცია არ გამოვიდა. პირიქით, რეგიონების დასუსტება გამოვიდა და თვითონ ამ რეგიონების მაცხოვრებლებში გადინებას უფრო შეუწყობს ხელს ეს. ჯერჯერობით ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში.
რა აჩვენა ჩარიცხვებმა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული განათლების რეფორმის სხვა დეკლარირებული მიზნების შემთხვევაში?
უკვე ვთქვი, რომ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი ფაქტობრივად არ გამოვიდა. ბევრგან არის დუბლირებული პროგრამები. ასევე, [საუბრობდნენ იმაზეც], რომ უნივერსიტეტების რაოდენობა ზოგადად ბევრიაო და ასე შემდეგ. თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მცდელობაც კი ვნახეთ, რომელიც მერე არ შესრულდა. ახლა რა დავინახეთ? ახალი უნივერსიტეტები დააარსეს – მაგალითად, დიპლომატიური აკადემია, და პირიქით, ახალი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები დაამატეს, ნაცვლად იმისა, რომ ვითომ შემცირებულიყო სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა და რესურსების ოპტიმიზაცია მომხდარიყო. ანუ, არც ოპტიმიზაცია გამოვიდა და არც „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. მიუხედავად იმისა (კიდევ ვიმეორებ, რამდენად რაციონალურია ეს პრინციპები, ეს ერთი საკითხია), არც ის გამოვიდა, რასაც ამბობენ.
მიქანაძე/კობახიძემონაცემები აჩვენებს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა 1 452 სტუდენტით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოში 2 017-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახს მოუწევს კერძო უნივერსიტეტის მაღალი გადასახადის გადახდა. ხომ არ დააწვება ეს რეფორმა ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან სტუდენტებს და რამდენად შეძლებენ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლის გაგრძელებას?
წლევანდელი ამბავი არ არის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აგროვებს არანაირ ინფორმაციას აბიტურიენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. პატარა ინფორმაცია მაინც რომ ჰქონდეს, ძალიან მინიმალური, უკვე დაგვეხმარებოდა ბევრი რამის ანალიზში. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს ინფორმაცია და ასე ვარაუდით უნდა ვიყოთ.
ერთი, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ადრე მაღალქულიანი აბიტურიენტები ძალიან ხშირად ირჩევდნენ კერძო უნივერსიტეტებს, იმიტომ, რომ შეიძლება კონკრეტულ კერძო უნივერსიტეტებზე იყო წარმოდგენა, რომ ესენი უფრო ხარისხიან განათლებას იძლევიან. ახლა ეს [ტრენდი] შეტრიალდა და დაბალქულიანები უფრო ხშირად ირჩევენ კერძო უნივერსიტეტებს და მაღალქულიანები – საჯაროებს. თუმცა აქ კითხვა ჩნდება: ეს დაბალქულიანები კერძო უნივერსიტეტებს რომ ირჩევდნენ, მერე რამდენად შეძლებენ საფასურის გადახდას?
მეორე მხრივ, სახელმწიფო დაფინანსებით (გრანტი, უფასო ფაკულტეტები, სოციალური პროგრამა) 2026 წელს 17 862 სტუდენტი ისწავლის – ანუ დაახლოებით 2 000-ით მეტი, ვიდრე შარშან. როგორ აფასებთ ამ პარადოქსს: სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეტი ფული იხარჯება, მაგრამ სტუდენტთა ნაწილი მაინც კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარებას ამჯობინებს?
აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაფინანსების ეს წესი ახლა შემოვიდა. საჯარო უნივერსიტეტში დაფინანსება არის პირობითი და დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე. ზოგს ისე ესმის, რომ არ ჩაიჭრას სტუდენტი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კრედიტების სათანადო რაოდენობას ვერ დააგროვებს, [დაფინანსებას დაკარგავს]. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მაღალია სტუდენტებში მუშაობის მაჩვენებელი. ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, რომ შეიძლება ძალიან კარგი სტუდენტი იყოს, მაგრამ, უბრალოდ, იმ სემესტრში უწევდეს მუშაობა, ამიტომ ვერ იღებდეს რაღაც საგანს, იმ კრედიტების რაოდენობას ვერ აგროვებდეს და, ვთქვათ, შემდეგ სემესტრში იღებდეს. ახლა ამას ვეღარ გააკეთებს – ასეთი მოქნილი აღარ იქნება.
კი, ეს შეიძლება ისეთ სტუდენტებსაც შეეხოს, ვინც იზარმაცებს და ამის გამო ვერ ჩააბარებს, მაგრამ შეიძლება ისეთი სტუდენტებიც დააზარალოს, რომლებსაც სიზარმაცის გამო კი არა, მართლა, ფიზიკურად სჭირდებათ მუშაობა იმისთვის, რომ თავი შეინახონ. რომ შევხედოთ, რა სჭირდება სტუდენტს საცხოვრებლად, რეალურად ამისი ძალიან მცირე ნაწილია სწავლის გადასახადი. თუ შევადარებთ ცხოვრების, კომუნალურების გადახდის, ჭამის და ტრანსპორტის ხარჯებს, ალბათ, მეათედი არის სწავლის გადასახადი.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზარდება რეგიონებიდან სხვა ქალაქებში სტუდენტების გადასვლის მაჩვენებელი. იმიტომ, რომ რეგიონებში აღარ არის მულტიპროფილური სასწავლებლები და, შესაბამისად, საცხოვრებლის ხარჯიც ემატებათ. შეიძლება ძალიან კარგი სტუდენტი იყო, ძალიან კარგი ქულები გქონდეს მიღებული და სწავლობდე სამართალზე უფასოდ საჯარო უნივერსიტეტში, მაგრამ გიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ბინა იქირაო, თავი შეინახო და ამიტომ ვერ მოახერხო იმ საჭირო კრედიტების დაგროვება, რის გამოც შეგიწყდეს ეს დაფინანსება.
ზოგადად, ჩვენ ძალიან ბევრი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს საქართველოში და ეს შეიძლება გაიზარდოს. ამ სტატუსშეჩერებულებს არავინ ითვლის ხოლმე, როცა ამბობენ, რომ ამდენი უმაღლესდამთავრებული არ სჭირდება ქვეყანას. ისე ითვლიან ხოლმე, რომ აი, ამდენმა ჩააბარა და ეგრე არ არის, იმიტომ, რომ ვინც ჩააბარა, ყველა არ ამთავრებს. პირველი-მეორე კურსის მერე ძალიან ბევრი ტოვებს უნივერსიტეტს და საბოლოო ჯამში, არ არიან ეს ადამიანები უმაღლესდამთავრებულები. შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ახლა სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, როგორც კერძო, ასევე საჯარო უნივერსიტეტებში. ზუსტად იმის გამო, რომ ეს დაფინანსება პირობითია, შეიძლება უფრო მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავდეს.
სტატისტიკის მიღმა დგას სწავლის ხარისხის საკითხი. არსებობს სერიოზული წუხილი, რომ რეფორმის შედეგად სასწავლო პროგრამები საგრძნობლად გაუარესდება, მათ შორის სწავლის შემოკლებული ვადებისა და სილაბუსების ფორსირებულად შეცვლის გამო. რამდენად რეალურია აკადემიური სტანდარტის ვარდნის საფრთხე?
ლელა ჩახაიაერთი რაღაც, რაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ხარისხი ნამდვილად არ გაუმჯობესდება. რაც არ უნდა იძახონ ამ რეფორმის ავტორებმა, რომ სწავლის ხარისხი გვინდა გავაუმჯობესოთო, თუ ეს არის მიზანი, რაღაც ისეთი უნდა გააკეთო, რაც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ლოგიკურად გამოწვევს. ახლა რაც გაკეთდა, ლოგიკურად რამ შეიძლება გამოიწვიოს ხარისხის გაუმჯობესება? არაფერმა. რომ იფიქრო, სწავლების ხარისხი რითი შეიძლება გაუმჯობესდეს? ვთქვათ, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციების ამაღლება, სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება თუ გაუმჯობესება, სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, აკადემიური პერსონალისთვის მრავალფეროვანი არჩევანის თავისუფლების მინიჭება… არაფერი არ მომხდარა და აბა, საიდან მოვა ხარისხის გაუმჯობესება? თავისთავად გამორიცხულია. სავარაუდოდ, იქნება პირიქით – გაუარესება.
თანაც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სკოლის, ზოგადი განათლების ხარისხი ისეთი დაბალია, ყველა ამბობს ამას, რომ სტუდენტები მოუმზადებლები მოდიან უნივერსიტეტში. პირველ ორ წელში სწავლის უნარებს იძენენ სტუდენტები. ზოგს ეს უნარები სკოლაში არ აქვს გამომუშავებული და ასეთ ელემენტარულ ცოდნას აძლევს უნივერსიტეტი. მერე უკვე სპეციალობის და საგნობრივი მიმართულებით იწყება ჩაღრმავება. ახლა ეს თუ გამოაკლეს, ეს წლები შეამცირეს, ამის შესაძლებლობაც ეკარგებათ სტუდენტებს. ეს თავისთავად ხარისხს შეამცირებს.
გარდა ამისა, ეს მოხდა ისე ნაჩქარევად და სწრაფად, რომ არც სილაბუსებში წესიერად ჩახედვის დრო არ იყო, არც პროგრამის სტრუქტურაში, რომ აი, სად შეიძლება გამოკლება. აი, მაგალითად, გაქვს ისტორიის პროგრამა, რომელიც იყო ოთხწლიანი და ახლა უნდა გახადო სამწლიანი, ან მაგისტრატურა, რომელიც იყო ორწლიანი და უნდა გახადო ერთწლიანი, და დრო არ გაქვს იმისათვის, რომ შეხედო, რომელი კურსების გამოკლება შეიძლება, რომ ისევ იმ კომპეტენციებზე და შედეგებზე გახვიდე, რასაც პროგრამა იძლეოდა. ამას დიდი დრო სჭირდება და ყველაფერი ნაჩქარევად მოხდა. ამან როგორ შეიძლება ხარისხის გაუარესება არ გამოიწვიოს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე, მაგალითად, თსუ-ში, ბიზნესზე, გაასამაგეს სტუდენტების რაოდენობა. მაგალითად, უნივერსიტეტი წელს ასწავლიდა 500 სტუდენტს და მომავალ წელს მიიღებს 1500-ს. როგორ შეიძლება სამ თვეში უნივერსიტეტმა შეძლოს და მოემზადოს ისე, რომ 1500 ადამიანს მინიმუმ ისეთივე ხარისხის განათლება მისცეს, როგორსაც აძლევდა წინა წელს 500-ს?!
როგორ აისახება ეს ცვლილებები იმ სტუდენტებზე, ვინც წელს ჩაირიცხა? ხომ არ მივიღებთ სიტუაციას, სადაც სტუდენტები დიპლომს იღებენ, მაგრამ მათი ცოდნა და კვალიფიკაცია ბევრად ჩამოუვარდება წინა წლების კურსდამთავრებულებისას?
სავარაუდოდ, ასეც იქნება. თან მაგისტრატურაზე კვოტები არის ძალიან შემცირებული და შესაბამისად, მაგისტრატურაში იქნება ძალიან დიდი კონკურსი. 40%-ით შემცირდა მაგისტრატურაზე კვოტების რაოდენობა. წარმოიდგინეთ, ახლა იქნებიან სტუდენტები, რომლებიც დაამთავრებენ სამწლიან ბაკალავრიატს, რომელთა ძალიან დიდი რაოდენობა მაგისტრატურაში უბრალოდ ვერ მოხვდება და უბრალოდ სამწლიანი ბაკალავრიატი ექნებათ მხოლოდ დამთავრებული.
ამავე თემაზე გირჩევთ ლელა ჩახაიას კიდევ ერთ სტატიას, სადაც ის აფასებს შრომის ბაზრის მოთხოვნისა და კვლევის როლს უმაღლესი განათლების პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების კვოტები, ასევე გარკვეული პროგრამების მთლიანად გაუქმების საკითხი, საფუძვლად სწორედ შრომის ბაზრის კვლევა დაედო.
netgazeti