საფრანგეთში შამონდის ვირუსით ადამიანის ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც აქამდე ძირითადად ცხოველებში იყო იდენტიფიცირებული.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამსახურებმა 22 ოქტომბერს დაადასტურეს პაციენტის გარდაცვალება ვირუსით, რომელიც ევროპაში პირველად ამ ზაფხულს გამოვლინდა მესაქონლეობის ფერმებში. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს. ეს არის შამონდის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა მსოფლიოში.
ინფიცირებული მამაკაცი სერიოზული თანმხლები დაავადებებით და ძლიერ დასუსტებული იმუნიტეტით ლიონის საავადმყოფოში მკურნალობდა. იგი ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ვირუსი ადამიანს არ გადაეცემოდა. ამჟამად სპეციალისტები იკვლევენ, შეიძლება თუ არა ვირუსი მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ან ხელშემწყობი გამხდარიყო, აგრეთვე, ადგენენ ინფექციის გადაცემის შესაძლო გზებს.
რა არის ცნობილი შამონდის ვირუსზე
შამონდის ვირუსი ორტობუნიავირუსის (Ortobunyavirus) ჯგუფს მიეკუთვნება. ის პირველად ნიგერიაში აღმოაჩინეს 1960-იან წლების შუაში. წლების განმავლობაში ვირუსი სასოფლო-სამეურნეო საქონელში ფიქსირდებოდა, ხოლო ამ ზაფხულს პირველად დადასტურდა ევროპის კონტინენტზე პირუტყვში: თავიდან საფრანგეთსა და შვეიცარიაში, შემდეგ კი – გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
შამონდის ვირუსი ინფიცირებული მწერების ნაკბენით გადადის. მისი გადამტანები არიან Culicoides-ის გვარის მწერები, რომლებიც დაავადებულ ცხოველებს კბენენ და შემდეგ ჯანმრთელი ცხოველების კბენისას მათაც აინფიცირებენ. ეს მწერები ადამიანებსაც კბენენ, მაგრამ აქამდე ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
არსებული ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, მადის დაკარგვა, წველადობის შემცირება, ნაყოფის მოშლა და შთამომავლობის თანდაყოლილი ანომალიები. შვეიცარიასა და გერმანიაში ვირუსის გენეტიკური მასალა ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების შემდეგ დახოცილი ცხენების ტვინში აღმოაჩინეს.
რა სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში შამონდამ, ჯერჯერობით უცნობია.
არსებობს თუ არა საფრთხე და როგორ დავიცვათ თავი
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებით, ამჟამად შამონდის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს. საფრანგეთის მთავრობა ასახელებს კონტროლის ზომებს, მათ შორის, მწერების კვერცხების დადების ადგილების გაუვნებელყოფას, თუმცა არ აღწერს მკურნალობის მეთოდებს ვირუსის გასანადგურებლად.
საფრანგეთში მომხდარ ინციდენტამდე შამონდის ვირუსით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს მიზეზი, სიტუაცია საფრთხედ ჩაითვალოს ადამიანების უმრავლესობისთვის, თუმცა აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მართებთ მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს, რომლებისთვისაც შედარებით იშვიათი ინფექციებიც კი შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
ნანა ძნელაძე
nostal.ge ახალი ამბები