ავტორი: სანდრო მეტრეველი, „წიგნების თაროს“ მონაწილე
მე ვარ სანდრო მეტრეველი. ეს პოსტი გრძელი იქნება და ეს პოსტი ჩემზე არაა. მე არ ვარ არც გმირი, არც ანგელოზი, არც უკეთილშობილესი, არც ზეჭკვიანი ან ზეგანათლებული, და არც ვინმეზე რაიმეთი მეტი, მე არც საუკეთესო ექიმი ვარ, ზოგადად ექიმად არც ვითვლები, არც ლიცენზია მაქვს და არც სამედიცინო უნარები მაქვს ძალიან ბევრი, მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და იდეალურ ექიმობამდე ძალიან ბევრი მიკლია. მე არ მაქვს საუკეთესო კომუნიკაციის, მეხსიერების, ყურადღებიანობის, იუმორისა და ღიმილის უნარი. მე ვერასდროს ვერ ვიქნები საუკეთესო მოქალაქე, კოლეგა, მეგობარი, ნათესავი, ძმა ან შვილი. მაგრამ არ ვარ ნაძირალა, არ ვარ აგრესორი, რადიკალი, გონებაბნელი, „ბატი“ ან ვინმეს მონა და რაც მთავარია არ ვარ მატყუარა.
მე ვარ უბრალოდ სანდრო მეტრეველი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი პატარა ოცნებებით იმედებითა და რაღაცის რწმენით. ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მოქალაქე და მორჩა. ცხოვრებაში ვინმეს ჩემზე რაიმე დადებითი თუ უთქვამს ყოველთვის ჩემი მეგობრები ან ოჯახის წევრები გამხსენებიან. მართლაც ჩემში ვინმე რაიმე დადებითს თუ ხედავთ თქვენ ისინი უნდა ნახოთ. ჩემზე ყველაფერში ათასგზის გამორჩეულები არიან. ყოველთვის ვიძახი და ვიტყვი — მე „მარტო“ ცალკე აღებული არავინ არ ვარ. რისთვისაც ოდესმე მიმიღწევია, რასაც ახლა წარმოვადგენ და მინდა წარმოვადგენდე, იყო, არის და იქნება ჩემი ოჯახის წევრების, უამრავი მეგობრის, ნაცნობისა და კეთილმოსურნის წყალობით. მე რაც ამ ორი დღის განმავლობაში გადამხდა ძალიან დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ არ არის (აღარ არის) რაიმე ექსტრაორდინარული, მე ამას ველოდებოდი და მე გააზრებული მქონდა ყველაფერი, მაგრამ არა ნაგუები. ეს ცოტათი რთული გასახსენებელია და ამისგან არცერთი მოქალაქე არაა დაზღვეული და ეს სამწუხაროდ ყოველდღე ხდება ჩვენს ქუჩებში.
არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს. უბრალოდ გეტყვით, რომ ლამის არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია და ქუჩაში ყოველთვის მხოლოდ იმისთვის ვიდექი რისიც მთელი გულით მჯერა, ხოლო პროტესტის გამომხატველი ნებისმიერი ადამიანისთვის პროპორციული ძალის არაპროპორციული შედეგების შეძლებისდაგვარად შემსუბუქება და მდგომარეობის მცირედით გაიოლება და მათთვის რაიმე სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჩემს ვალად მიმაჩნდა, მიმაჩნია და ასე იქნება ყოველთვის. ასე ვფიქრობ მე და ასე ფიქრობს თითოეული ჩემი ის სამედიცინოელი, თუ არასამედიცინოელი მეგობარი, რომელიც გაზისა და წყლის ჭავლის ქვეშ არაერთხელ შევარდნილა, წაქცეული გზააბნეული, გულწასული, პანიკით შეშინებული თუ დაბრმავებული ადამიანის უარესი ბედისგან კბილებით გამოსაგლეჯად და დასახსნელად და შემდეგ მათ მოსასულიერებლად. თქვენ ეს ბავშვები უნდა ნახოთ რა გულით და თვალებით აკეთებენ იმას რისიც სჯერათ და ისინი ჩუმად არიან, რადგან ამას ტირაჟირება არ სჭირდება. თქვენ ჩემი უფროსი კოლეგები და მეგობრები უნდა ნახოთ, რომლებიც ორი, ხანდახან 5 ერთმანეთზე მძიმე მორიგეობის შემდეგ რუსთაველზე დგანან და ხალს ერთმანეთის მოფრთხილებას ასწავლიან, რომ მათ არ შეეშინდეთ, რომ იგრძნონ რომ მარტო არ არიან, რომ ვიღაც მათზე ზრუნავს. თქვენ ამ ადამიანების ახლობლები და მშობლები უნდა ნახოთ, რომლებიც მათ სახლში მისვლამდე ერთ ცხოვრებას ათავებენ და მაინც არ იძინებენ. ხმას კი არ იღებენ, იმიტომ რომ არ სჭირდებათ.
მე ვნანობ, რომ გუშინწინ ღამით აქციიდან ცხოვრებაში პირველად ადრე წამოვედი. მე გუშინწინ მაგინეს, შემიგინეს ყველაფერი რაც ჩემთვის ძვირფასია, მე გუშინწინ სასტიკად გამისწორდნენ. გამისწორდა ხალხი, რომლებსაც ალბათ სამშობლოს და ადამიანთა სიყვარული სახლში სხვანაირად ასწავლეს. საზარდულში მირტყა ადამიანმა, რომელიც ალბათ ამისგან სიამოვნებას იღებდა, ჩაკეცილს ხელები გამიკავეს და სახეში მუშტები და წიხლები მირტყეს, შემდეგ კი სურათები გადამიღეს ადამიანებმა, ვინც ალბათ ახალ წელს ჯერ მხოლოდ ჩემს ცემაში პრემიად დარიცხულ 200 ლარად შემწვარ გოჭს მიიტანს და ბარაქიანი წლისა და საყოველთაო მშვიდობის სადღეგრძელოს დალევს. ალბათ, ახალ ჩექმასაც იყიდის, ძველი ჩემი სისხლით აქ მოთხვრილი. ძალიან მინდოდა დამეწერა 41 ზომას-თქო, მაგრამ ფაქტია, თვალთან იარად და ნახეთქად გადღაბნილი პროტექტორის 3-იანი და 9-იანი, ასევე ჩექმის ჯვარი (ვინ სალაშქრო ჩექმას ხმარობს მიხვდება) მატყვია. ეს ბიჭები ჩემხელები და ალბათ, ჩემზე პატარებიც იქნებიან. გული და ღირსება რამხელა ექნებათ არ ვიცი ვერ გეტყვით. ნიღბის და შავი ფრომის ქვეშ ვერ დავინახე ალბათ ძალიან პატარა (that’s what she said).
„რედისონის“ პარკინგზე გადავადგილდებოდი, ჩემი მოპედისკენ როდესაც რესპუბლიკის მოედნიდან გდდ-ის ხალხმა შემამჩნია და გინება დამიწყო: „აქციიდან მოდიხარ ხო“. რაზეც გავჩერდი და დავუდასტურე. გაქცევას, აბა, აზრი არ ჰქონდა უკვე მორბოდნენ და რამდენიმე მეტრში იყვნენ. გეტყვით, რომ პირველი რაც ქნეს იყო რომ წამართვეს კუთვნილი ჩანთა და ჯიბიდან ამომიღეს მობილური ტელეფონი. რეპლიკით „ჯერ ტელეფონი წაართვით ლაივში არ გავიდეს“. პარალელურად გადამიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე სადაც ასობით იყვნენ და ჩხრეკდნენ ჩემს ჩანთას. არ ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტზე რომ მივდიოდი სახლში, რომ ვიყავი ექიმი, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მათ კი მივყავდი მხოლოდ იმ მითითებით “კამერებს მოარიდეთ” სასურველ ადგილას რომ დამიგულეს და ჩანთაში რესპირატორი მიპოვეს აი იქ აენთნენ და ჩამწიხლეს. ყველაფერს გეფიცებით არ შემშინებია თავადაც გამიკვირდა, ერთადერთი იმაზე დამწყდა გული, რომ მთელი ბავშვობა ტყუილში გავატარე. პეპელა, პეპელას და ჰიდროელექტროსადგურის ძახილს არავინ უსმენდა.
მერე შემაგდეს დაკავების მანქანაში სადაც პირქვე დამხობილს კიდე მომხვდა და დამადეს ხელბორკილები. მიმიჯინეს ბიჭს, რომელიც ჩემამდე ჰყავდათ ნაცემი და საკუთარი სისხლით ჰქონდა არემარე მოთხვრილი. ტანის სამოსზე საუბარი ზედმეტია. ჩემი ვითომ დამკავებელი მერე მხოლოდ იმაზე წუწუნებდა ქურთუკი დამისვარაო. ეს ჩემზე ბევრად უფრო ნაცემი ბიჭი იყო გიორგი დარბაიძე — ადამიანი, რომლის გაცნობადაც მთელი ეს თავის ტკივილი ღირდა. მოგვისხდნენ ჩვენ ჩვენი ვითომ დამკავებელი პატრულ ინსპექტორები, სულ რაღაც 20 და 23 წლის ბიჭები(სასამართლოზე მოწმედ წოდებულები) და წაგვიყვანეს კახეთის გზატკეცილზე შსს-ს განყოფილებაში. პოლიციის რადიო საინტერესო სიხშირეა. გზაში ისმოდა (კიდე 3 ბატი გვინდა და გავდივართ) მეგაფონიან ხალხს დაურეკეთ ხალხი აქეთ გაუშვან, კიდე ცოტა აცადე და რომ შემცირდება ხალხის ნაკადი ეგეც გადაკეტეთ.
განყოფილებაში რომ მიგვიყვანეს, იქ დამოკიდებულება შეიცვალა. იქ ყველა კარგი პოლიციელი გახდა ვინც ყველაფერს საშენოდ გეუბნება. იქ ოქმებს შაბლონებად ავსებდნენ და შენ მხოლოდ ციფრები ხარ. იქიდან იწყება უკვე შენზე მუშაობა, რად გინდა ადვოკატი, ამასაც ხელი მოაწერე აზრი არ აქ, შეხედე მე შენ დასახმარებლად ვარ, ისინი რომ გირტყამდნენ მე გავაჩერე, ახლა ოქმს ისე შევადგენ მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მოგცეს, მოდი შენ ტელეფონი და ჩანთა რომ წაგართვეს ეგ ხომ რეალურად დაკავებისას დაკარგე. მაგას შენს საქმეს დავურთავ. და მაგეებსაც მერე დაგიბრუნებენ (რომ ჩაეძიები, დაბრუნება მერე იცვლება რამდენიმე კვირით, კვირები 50/50 ზე შანსით, და ესეც მერე გაურკვეველი რჩება. იმიტომ რომ 400 ზე მეტი ადამიანი დააკავეს ჯერჯერობით და აბსოლუტურად ყველას იღბლიანი რამდენიმეს გამოკლებით წაართვეს პირადი ნივთები, რომელიც ჯერ არავისთვის დაუბრუნებიათ.) აი, შენ ამ ცარიელ ქაღალდზე ხელი მომიწერე და ყველაფერს ხუთიანზე გავაკეთებ დედაჩემს ტერეზა ჰქვია და ათასი სისულელე.
არავინ გარეკინებს, ადამიანებს მხოლოდ პროფესიის და სოციალური სტატუსის მიხედვით ექცევიან შედარებით კარგად ან ვითომ ძალიან კარგად. იქ პოლიციელი ცოტაა ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ან სავალდებულოს ხალხია. ერთმა ოფიცერმა ერთი დაკავებული ამოიცნო, თქვენი მეგობარი ჩემი ლექტორია რობაქიძეშიო.
იმ ყინვა სიცივეში გავიცანი უკეთილოსი ბიჭი ნიკა ბერიძე ასევე თაროელი და მუდამ პოზიტიურად მოფიქრალი, მისი შემხედვარე მე შიშის უფლებაც კი არ მქონდა. მაფიქრებდა მხოლოდ ის რომ არავინ მარეკინებდა მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად ნერვიულობენ. იზოლატორში დაგარეკვინებთო. „გამიმართლა“ რეგიონების იზოლატორში ადგილი არ იყო. არც ბათუმში არც თელავში ამიტომ თავი ზაჰესში ამოვყავი, მაგრამ იქაც ორბელიანი მეტრო ხუთის ნახევარზე მიმიყვანეს და დილის 10 ზე მე-15 კაცად შევედი. სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციულ იზოლატორში (იქ ადგილი არ იყო) ჩემებს არავინ დაურეკა მაგრამ აბა მაგათ ვინ გააჩერებდა. იქ ჩემამდე იყვნენ მისულები (ბევრი იძიეს და გაიგეს ) და ჩემმა დამ იმდენი ქნა ლამის გვერდზე მომისვეს იზოლატორში.
იქ კი მეტრეველი მეტრეველის მეტი არაფერი მსმენია. გეფიცებით იქ ვიგრძენი თუ რამხელა ძალა აქვთ თქვენს/ჩემს მეგობრებს. ოთხ კედელში სულ პაწია დროით გამოკეტილს თავი ასე ბედნიერი არასდროს მიგრძნია. ცოტა მაგრამ ვიგებდი, მიწა იძვროდა და იძვროდა ჩემს გამო. ვიგრძენი ჩემი პატარა, თანატოლი თუ დიდი მეგობრების ულევი თანადგომა. ცალკე იზოლატორის ექიმი მეუბნებოდა შიგა და შიგ, ყოველ წუთას შენი ამბის გასაგებად მირეკავენო და ცალკე ადვოკატმა მითხრა, გარეთ რა ხდება და შენი მეგობრები რა საოცრებებს ატრიალებენ ეგ უნდა ნახოო. მე კი ვიყავი ბედნიერი და თანამესაკნეებთან ერთად მხოლოდ იმის ცდაში ვიყავი ჩვენთან მე-4 შემოსახლებული რუსი ტურისტისთვის ორი ლუკმა საჭმელი მაინც გვეჭმია, რადგან ფაქტობრივად მთელი დღე არაფერი უჭამია. (ბედის ირონია)
დღეს დილით კი სასამართლომ საოცარი სპექტაკლი დადგა. ბილეთებში კი 2300 ლარი აიღო. ალბათ, მერე ისევ ჩვენს ცემა-ტყეპაში რომ ჩაასხას. უნებურად ვმონაწილეობდით მე, ჩემი ადვოკატი ნინო ლომინაძე (რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო) და მოსამართლე ნინო ენუქიძე, ტუჩებდაბერილი პროკურორი, რომელსაც ტელეფონში უფრო მეტს იყურებოდა ვიდრე მაღლა და ორი მოწმე პოლიციელი. აბსურდის სპექტაკლია ეს იმიტომ რომ, პროკურორი გარეთ მოწმედ მომლოდინე პოლიციელებს „ვოთსაფში“ წერდა საქმის მიმდინარეობის თითოეულ დეტალს, თუ რა უნდა ელაპარაკათ; აბსურდის თეატრია იმიტომ რომ, ამ ორმა ინტელექტუალმა ნორმალურად ისიც ვერ დაიმახსოვრა, მე სად ვიდექი და ვის ვაგინებდი. (ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს). ერთმა თქვა, მე მაგინებდაო, მეორემ თქვა მთავრობას აგინებდაო; ერთმა თქვა, „რედისონის“ პარკინგზე იყოო, მეორემ თქვა, რესპუბლიკის მოედნის გადასწვრივ ზებრაზეო (რუსთაველის მეტროს მხარე იგულისხმა).
საბოლოოდ თურმე, „რედისონის“ პარკინგზე უამრავ ხალხთან ერთად (პარკინგზე მარტო ვიყავი) რომლებიც ქვებს და ფეიერვერკებს ისროდა, მე დიადი მთავრობის გინებით ვიყავი დაკავებული, თურმე არა ერთ გზის მომიწოდა ჩემმა დამკავებელმა პოლიციელმა (რომელიც პირველად მანქანაში ვნახე) სიმშვიდისკენ, თურმე მე აგრესიულად და ჯანიანად გამოვიყურებოდი და ვინაიდან ვერ გამიმკლავდებოდა, გდდ-ს სთხოვა ჩემი აყვანა. კითხვაზე ესე იგი ცემას და ნივთების გაჯიბვას შეესწარითო? ააააააას ძახილში ბუზ გადაყლაპულ დაბნეულ პოლიციელს მოსამართლე წამოეშველა და კითხვის აცილება გააკეთა.
მე სასამართლომ მცნო დამნაშავედ, ხულიგნად და კანონდამრღვევად. ხოლო ორგანიზებულ კრიმინალთა ჯგუფი წესრიგის უპირობო დამცველებად. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მე არ დამწყვეტია გული. დღეს არის ალბათ დღე, როდესაც მე ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიხილე თუ რამხელა ძალა აქვს მეგობრობას და ურთიერთ სიყვარულს, მე ვნახე თუ რაოდენ ვყვარებივარ თითოეულ ადამიანს. თურმე ამ ქვეყანაზე რაღაც მიცხოვრია. ამ ყველაფრის შემხედვარე ვინ უნდა შემაშინოს? რამ უნდა შემაშინოს? რანაირად უნდა შემაშინონ?
გულწრფელად დიდ მადლობას გწირავთ თითოეულ ადამიანს ჩემი ამბით დაინტერესებისთვის, თითოეული ცრემლისთვის, თითოეული წუთისთვის, თითოეული მესიჯისა თუ პოსტისთვის. მადლობას გიხდით ყველა ოჯახის წევრს და ნათესავს, ყველა მეგობარს, ყველა უბნელს, ყველა კლასელს, კურსელს, თანაუნივერსიტეტელს, ყველა კოლეგას, ყველა ჩემს დიდ და პატარა მეგობარს თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან, ყველა კურიერს, ყველა თაროელს, ტვინელს, ლეგიონერს, მასწავლებელს უცხოელ მეგობარს, ჟურნალისტს და მრავალ სხვას ვინც ჩემი პატარა ამბავი გულთან მიიტანა. უზმოდ მიყვარს თითოეული თქვენგანი და ასმაგად და ათასმაგად გაფასებთ ყველას.
მე სანდრო მეტრეველი ვარ ეს პოსტი კი თქვენზე იყო.