ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
როგორც მისი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს და სწორედ სხდომათა დარბაზში გააჟღერებს დაცვის მხარე თავის პოზიციას.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯუბა ქათამაძის ცნობით, “ბათუმელების” რედაქტორმა დაკავების მომენტში მხარზე ტრავმა მიიღო, რაზეც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიტარა.
რამდენიმე საათის წინ ქალბატონ მზიას ბრალი წარედგინა. ჩვენ ამ ბრალს არ ვეთანხმებით. საგამოძიებო უწყებასთან გამოკითხვის დროს ბრალდებულმა დუმილის უფლებით ისარგებლა. სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დაცვის მხარე ჩვენს პოზიციას იქ გავაჟღერებთ, სადაც უნდა მოხდეს მსჯელობა აღკვეთ ღონისძიებაზე. ქალბატონი მზია სისხლის სამართლის საქმეს მის საქმიანობას უკავშირებს, მთლიან კონტექსტს, რაც შექმნილია, დაწყებული რუსული კანონიდან და თვლის, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისჯება ის”, – ამბობს ჯუბა ქათამაძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქრება.