2021-2025 წლების პერიოდი გორის მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი განვითარების, გამჭვირვალე მმართველობისა და ეფექტური რესურსების მართვის ეტაპი უნდა ყოფილიყო, რადგან სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშით (2023 წლის 27 ოქტომბერი) მთელი რიგი ხარვეზებია ნაჩვენები, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდა. აუდიტი პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციებს იძლეოდა, რადგან ამ უწყებამ სერიოზული ხარვეზები გამოავლინა 2020-2021 წლების საქმიანობაში, რაც მოიცავდა სისტემურ პრობლემებს ფინანსური რესურსების განკარგვაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სახელმწიფო შესყიდვებსა და ქონების მართვაში.
სახელმწიფო აუდიტისთვის უფრო შემაშფოთებელი ის გარემოება აღმოჩნდა, რომ წინა აუდიტის რეკომენდაციები ახალი თვითმმართველობის მხრიდან უგულებელყოფილი იყო. ეს მიგნებები ნათლად მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტს არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, არამედ მთლიანად 2021-2025 წლების განმავლობაში უნდა შეემუშავებინა სტრატეგიული ხედვა და მყარი ადმინისტრაციული ჩარჩო.
რა წერია სახელმწიფო აუდიტის 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გორის მუნიციპალიტეტის შესახებ?
2020-2021 წლებში საბიუჯეტო შესრულება 18%-ით და 24%-ით ჩამორჩა გეგმას, რაც მიუთითებს დაგეგმვის არასრულფასოვნებაზე. პარალელურად კი, დაგროვდა საგრძნობი თავისუფალი ნაშთი – 2021 წლის ბოლოს 9 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიუთითებს რესურსების არამიზნობრივ დაგროვებაზე ხარჯვითი ეფექტიანობის ნაცვლად.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 375 ათასი ლარი გადარიცხული იყო კონკრეტულ ფიზიკურ პირზე არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე. მსგავსი შემთხვევები კრიტიკულად ამცირებს ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობისადმი და საჭიროებს ფინანსური კონტროლის მკვეთრ გაძლიერებას.
გარდა ამისა, 546.8 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები — სკოლები, ბაღები, სპორტული ობიექტები — ექსპლუატაციაში მიღებიდან მალევე დაზიანდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი პრობლემა მდგომარეობდა მერიაში არსებული ზედამხედველობის სუსტ მექანიზმებსა და საგარანტიო ბერკეტების გამოუყენებლობაში.
პროექტების დაგეგმვაც სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა. მაგალითად, კარალეთის ბაღმა განსაზღვრულ პერიოდში ვერ დაიწყო ფუნქციონირება ინვენტარის არქონის გამო, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში წყალმომარაგების და სველი წერტილების პრობლემები დიდხანს გრძელდებოდა. დაუსრულებელი სკოლების რაოდენობაც ( 19-დან 15_ ცხადად მიუთითებდა ამ მიმართულებით გატარებული პოლიტიკის ხარვეზებზე.
დოკუმენტში წერია, რომ სატენდერო პროცესების მართვის ნაკლოვანებები და არაეკონომიური გადაწყვეტილებები კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იყო.
“მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაციის არასათანადო დასაბუთებით უარყო დაბალფასიანი პრეტენდენტი და უფრო ძვირად შეისყიდა იგივე მომსახურება — რაც ბიუჯეტს დამატებით 144.2 ათასი ლარი დაუჯდა”, – წერია ანგარიშში.
პრობლემები იყო ხელშეკრულებების ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. მერია არ იყენებდა კანონით გათვალისწინებულ ჯარიმებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა 58.5 ათასი ლარის შემოსავალი. კონტროლის მექანიზმების სისუსტე და პასუხისმგებლობის დეფიციტი კიდევ ერთხელ აჩვენებს შესყიდვების მართვის რეფორმირების საჭიროებას.
ქონების არაეფექტური განკარგვა კიდევ ერთი სფეროა, სადაც აუდიტის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა სათანადო პროფესიონალიზმი. 2021 წლის ბოლოსთვის გორის ბიუჯეტმა 228.7 ათასი ლარის დაკარგული შემოსავალი აღრიცხა, რაც გამოწვეული იყო როგორც ქირავნობის სიმბოლურ ფასებში გაცემით, ისე იჯარის კონტრაქტების არქივირების პრობლემებით.
“არც ინვენტარიზაციის ჩატარება ყოფილა პრიორიტეტი. ეს კი ქმნის რეალურ რისკს, რომ მნიშვნელოვანი აქტივები დაიკარგოს ან დაზიანდეს რეაგირების გარეშე. კონტროლის მექანიზმების არარსებობა სისტემური პრობლემაა, რაც უკავშირდება შიდა აუდიტის არაეფექტურობასაც”, – წერს აუდიტი.
კიდევ უფრო მწვავედაა აღწერილი მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მდგომარეობა. იმ პერიოდში 121 სოფლიდან მხოლოდ 34 ჰქონდა უწყვეტი წყალმომარაგება, ხოლო მომსახურებას არალიცენზირებული პირი ახორციელებდა.
აუდიტის ანგარიშში საუბარია საკრებულოს წევრებზე გაწეული ხარჯების შესახებაც, რომლის მიხედვით, დეპუტატებზე გაცემულ ხარჯებზე (159.2 ათასი ლარი) საკრებულოს არ გააჩნდა სათანადო დოკუმენტური დასაბუთება, რაც ეწინააღმდეგება ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპებს. ამისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხა (78.2 ათასი ლარი) მიუთითებს მმართველობითი გადაწყვეტილებების პრობლემებზე.
ყველაზე საგანგაშო მიგნებათაგანი აუდიტის ბოლო ანგარიშში ის არის, რომ 2017-2018 წლების აუდიტის რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულდა და იგივე დარღვევები კვლავ განმეორდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს აკლია სტრატეგიული მიდგომა რისკების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში.
2021-2025 წლებში ახალ თვითმმართველობას შემდეგი რეკომენდაიები უნდა გაეთვალისწინებინა:
- საბიუჯეტო დაგეგმვის გაუმჯობესება და თავისუფალი ნაშთის პრევენცია
- ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის გაძლიერება და საგარანტიო მექანიზმების გამოყენება
- შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდა და გამარტივებული წესის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა
- ქონების მართვის მექანიზმების გამკაცრება და შემოსავლების მობილიზაცია
- წყალმომარაგებისა და დასუფთავების სისტემების რეფორმირება
- შიდა აუდიტის სამსახურის რეფორმა რეალური კონტროლის ინსტრუმენტად
ანალიტიკოსების შეფასებით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2020-2021 წლებში დაშვებული მმართველობითი შეცდომები არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. 2021-2025 წლებისთვის აუცილებელი იყო სისტემური რეფორმები ყველა ზემოხსენებულ მიმართულებაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში აუდიტის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტებად არ დარჩეს და ის რეალურ ცვლილებათა გზამკვლევად იქცეს ადგილობრივ მმართველობაში.