რა თანხას გადაუხდიან მუნიციპალიტეტები არტისტებს საახალწლო კონცერტებზე? – ჩამონათვალი

2 days ago 2

2

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტების გამარტივებული კონტრაქტები არტისტებთან, რაც დეკემბერში სხვადასხვა ღონისძიებაზე – ახალი წლის ღამეზე, ნაძვისხის ანთებაზე და სხვა საახალწლო ღონისძიებებზე სიმღერას და მუსიკალურ გაფორმებას მოიცავს.

გამოქვეყნებული კონტრაქტების თანახმად, ყველაზე დიდი 80,000 ლარის კონტრაქტები გაფორმდება გადაცემა ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან წამყვანთან და გადაცემის ბენდთან, რაც ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესყიდვებს უკავშირდება. ჯგუფ ურსას საერთო ჯამში 70,700 ლარის შესყიდვები გაუფორმდა სიღნაღის, რუსთავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისგან. ნიკა ნიკვაშვილს კი ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებმა 63,737 ლარის კონტრაქტები გაუფორმეს.

ქუთაისი

ქუთაისში შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე მუსიკალური გაფორმებისათვის ნიკა ნიკვაშვილს 53 572 ლარს გადაუხდიან.

ბორჯომი

31 დეკემბრის ღამეს, ბორჯომში, ღია ცის ქვეშ, ჩატარდება საახალწლო გალა-კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი „იბერია“, რომლის ჰონორარიც 21 000 ლარია.

ლაგოდეხი

ლაგოდეხში, 25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში ჯგუფი „სტატუსი“ 8000 ლარის სანაცვლოდ მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, 29 დეკემბრისთვის დაგეგმილი კონცერტი, სადაც ანრი ჯოხაძეს და ნინი ბადურაშვილს უნდა ემღერათ, გაუქმდა.

რუსთავი

რუსთავში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ჯგუფ „ურსას“ 20 200 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის დავით მაზანაშვილის ბენდი 12 500 ლარს მიიღებს, ხოლო ქორეოგრაფიული შოუსთვის, რომელშიც 60 მოცეკვავე მონაწილეობს, გამოყოფილია 18 750 ლარი.

ხობი

ხობში საახალწლო დღესასწაულის ფარგლებში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ 30 000 ლარს მიიღებს.

ფოთი

ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს მუსიკალურად გააფორმებენ „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ (30 000 ლარი) და „მიქსტურა“ (15 000 ლარი).

მცხეთა

მცხეთაში, 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ჯგუფ Goofy Land-ს 17 700 ლარი გადაეცემა, ხოლო შემსრულებელ „მასტერს“ – 5 102 ლარი.

საგარეჯო

საგარეჯოში, 30 დეკემბერს, საახალწლო კონცერტში მონაწილეობისათვის ჯგუფ REGGAEON-ს 30 000 ლარს გადაუხდიან.

წნორი

წნორში 29 დეკემბერს, საახალწლო კონცერტზე, ჯგუფი „ურსა“ 25 250 ლარს მიიღებს.

თელავი

თელავში ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ორგანიზებას ბაკურ ბაკურაძის „არტ ლაბორატორია“ გაუწევს, რისთვისაც 46 896 ლარი გაიცემა. ამასთან, საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ არჩილ ნიჟარაძე (2602 ლარი), დავით მაზანაშვილის ბენდი (9800 ლარი), ნიკა ნიკვაშვილი (10 165 ლარი) და სხვები.

ახალციხე

ახალციხეში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნუცა ბუზალაძე 18 000 ლარს მიიღებს, ზუკა ხუციშვილი – 10 000 ლარს, ხოლო მირზა მოდებაძე – 8 000 ლარს.

ბოლნისი

ბოლნისში საახალწლო კონცერტზე ჯგუფ „ფორტეს“ 10 000 ლარი გადაეცემა, პაატა გულიაშვილის გამოსვლისთვის კი 7654 ლარია განსაზღვრული.

წყალტუბო

წყალტუბოში საახალწლო სოფლის გახსნაზე ჯგუფ „Mix2ra“-ს 12 000 ლარს გადაუხდიან. გიორგი ბექაური კი „დრამერების შოუსთვის“ 4600 ლარს მიიღებს.

სამტრედია

სამტრედიაში, 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გიორგი ბექაურის „დრამერების შოუს“ გამართვა დაგეგმილია, რისთვისაც მას 2500 ლარი გადაეცემა.

სრულად წაკითხვა