რა თქვეს ბრიუსელში საქართველოზე EU-ს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე

2 weeks ago 22

ბრიუსელში იმართება გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიციირებულ „უცხოელი აგენტების“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც.

ზემოაღნიშნული და კანონის უზენაესობის საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ.

„ვფიქრობ, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ჯანსაღ სასამართლოს და პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაული, ანტიკორუფციული სქემები და ა.შ. მას არ გაუკვირდა ჩემი მხრიდან ამის მოსმენა, რომ ეს არის მთავარი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთი უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას“, — განაცხადა ევროკომისარმა.

ვერა იუროვას თქმით, მან ურჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გადახედოს ევროკომისიის მიერ წარდგენილ დირექტივას.

„ქართული ოცნება“ ხშირად იმეორებს, რომ ევროკავშირი თავად იღებს ანალოგიურ კანონს, რისთვისაც საქართველოს აკრიტიკებს.

საუბარია „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის და რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში.

ევროკომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ზოგიერთ სხვა იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში დაფიქსირებული „უცხოელი აგენტების“ კანონებისგან იმით, რომ უარყოფითად არ ასახელებს კონკრეტული სუბიექტების საქმიანობას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ცდილობს, ამასთან, არ მოითხოვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან.

„მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, — განაცხადა იუროვამ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი ჰაჯა ლაბიბმა თქვა, რომ თუ საქართველოში კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება.

„მექნება ორმხრივი შეხვედრა [საქართველოს დელეგაციასთან]. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ იქნება“, — განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ დააფიქსირა ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირის გაფართოებისადმი და ისაუბრა გაწევრიანების ქვეყნების დახმარების საჭიროებაზე.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთება საქართველოს მიერ სხვადასხვა კანონების მიღებასთან დაკავშირებით. დღეს უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ მიჰყვება გაფართოების პროცესი ევროკავშირის წესებს და ძირითად პრინციპებს“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

სრულად წაკითხვა