“ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?!”, - ამბობს „თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი "გირჩი") თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, სახელისუფლებო “პოს ტივის” ეთერში, ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლიტიკოს გიორგი ბარამიძის დაკავების შემდეგ.
ხვიჩიამ, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრმა, მოითხოვა, რომ “პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობს საჯაროდ გამოვიდეს დისკუსიაში - რას ედავება, რომელი მუხლით და რადგან ამ საქმეში საჯარო იყო ყველაფერი, ეს ამბავი გაირჩეს საჯაროდ”.
„არცერთ პროკურორს არა აქვს ვალდებულება, რომ შენ აგიხსნას“, - უთხრა იაგო ხვიჩიას გადაცემის წამყვამა, შალვა რამიშვილმა. მან რამდენჯერმე გაუმეორა რესპონდენტს, რომ მისი გადაცემა არავის აინტერესებს და ბარამიძის დაჭერა არა მის გადაცემას, არამედ სამშობლოს ღალატის მუხლით, ქვეყნის ინტერესების დაზიანებას უკავშირდება.
“რას არ აბრალებდით გიორგი ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?! … ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ… შეიძლება ყველაფერი დააბრალო ბარამიძეს, მე არ გამოვდგები ბარამიძის დამცველად, რაც თქვა სისულელე იყო; მაგრამ ის ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის”, - ამბობს იაგო ხვიჩია ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული "პოს ტვ"-ის ეთერში.
18 ივლისს, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომში ტყვეების გაცვლის საკითხს შეეხო, გაიხსენა - როგორ ჩავიდა სოხუმში ტყვედ ჩავარდნილი ქართველების გამოსახსნელად და თქვა, რომ ტყვეების გაცვლა გაჭირდა, რადგან “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
„რატომ?“ - იკითხა გადაცემის წამყვანმა, იაგო ხვიჩიამ.
ბარამიძემ განმარტა, რომ - ტყვეებს „ხვრეტდნენ [ჩვენები]“, რადგან როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია".
- ხვიჩია: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“
- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.
მოგვიანებით გიორგი ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა - „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
"გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას", - 11 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძე „სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით” დააკავეს. ეს ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებს შეესაბამება. 318-ე მუხლი [„საბოტაჟი“] 318-ე მუხლთან ერთად - სამშობლოს ღალატად კვალიფიცირდება.
- სამშობლოს ღალატის მუხლში [307-ე პრიმა] - რომელიც "ქართული ოცნების” უმრავლესობამ სისხლის სამართლის კოდექსში 2025 წელს დააბრუნა, ჩამოთვლილია მთელი რიგი მუხლები [308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან 319-ე], რომელთა შესაბამისი დანაშაულებიც სამშობლოს ღალატად ჩაითვლება.
- „სამშობლოს ღალატისთვის“ სასჯელი ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლებით განისაზღვრება, 307-ე პრიმა მუხლზე მითითებით.
სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
საბოტაჟის მუხლით საქართველოში კიდევ არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ასამართლებენ. სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, პროცესი სექტემბერში უნდა განახლდეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ სხდომების სხდომების დახურვა, პირველ რიგში, ბრალდებულების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ზღუდავს; ბრალდებულების თანახმად, სხდომების დახურვა საქმის აბსურდულობისა და სიყალბის დასამალად გადაწყდა.
radiotavisupleba ახალი ამბები