რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია

3 hours ago 2

გუშინ, 22 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა.

აღნიშნული აქცია იყო საპროტესტო მოძრაობის ნაწილი, რომელიც სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ჯამში 15 ადამიანი ემსხვერპლა.

რა ხდება?

სიდიდით მეორე ქალაქის, ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი კორუფციას უკავშირებს. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. რეაბილიტაციის ეს პროექტები ნაწილია იმ მეგაპროექტებისა, რომელშიც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები – CRIC და CCCC – მონაწილეობდნენ. ამ მეგაპროექტებს ადგილობრივი კორუფციის მკვლევრები საეჭვოდ მიიჩნევენ. აღნიშნული კომპანიები არიან ბელგრადი-ბუდაპეშტის რკინიგზის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მთავარი კონტრაქტორები.

მათ შორის ერთ-ერთი China Communications Construction Company (CCCC) – „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაა“, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტში მთავარ პარტნიორად შეარჩია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

CCCC არის მეტწილად ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ძირითადად ეწევა ინფრასტრუქტურის აქტივების დიზაინს,  მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, რკინიგზების, აეროპორტების, საზღვაო პორტების მშენებლობას და ექსპლუატაციას. სწპრედ CCCC იყო „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში არაერთი პროექტის კონტრაქტორი.

კომპანია სანქცირებულია აშშ-ში ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროიდან (2020 წელი).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ CCCC  ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო გაფართოებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფართომასშტაბიანი გათხრების, ხელოვნური კუნძულების და სადავო ფორპოსტების მშენებლობისა და მილიტარიზაციის გზით. გარდა ამისა, CCCC მართავს პეკინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას, რომელიც ჰპირდება ახალ ინფრასტრუქტურას განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ აწვდის „უხარისხო მშენებლობას, შრომის ბოროტად გამოყენებას, არამდგრად ვალსა და გარემოს ზიანს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ CCCC ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებს მისი 34 შვილობილი კომპანიის მეშვეობით, რომლებიც ვაჭრობის დეპარტამენტმა ასევე დაამატა იმ ერთეულების სიაში, რომელთაც ეკრძალებათ ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

რაც შეეხება სერბეთის რკინიგზას,  ჩინურ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტი საჯარო არ ყოფილა. ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ტრაგედიის შემდეგ მასობრივი პროტესტის ფონზე ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ სადგურის რემონტის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს.

თავად ჩინური კომპანიები ირწმუნებიან, რომ სადგურის გადახურვა მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების ნაწილი არ ყოფილა. მეტიც, ჩინური კომპანიების განცხადებით, მათ სერბეთის რკინიგზა სადგურების სიძველის შესახებ გააფრთხილეს. მათი განცხადებით, ძველი სადგურის შენობების რეკონსტრუქციისა და ნაწილობრივი განახლებისას შენიშნეს პრობლემები, რომლებიც საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო.

მასობრივი პროტესტი სერბეთში

ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 13 ადამიანი. როგორც მედია წერს, მათ შორის იყო გორან ვესიჩიც, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. რამაც საზოგადოებაში გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი  გამოიწვია. თუმცა თავად სევიჩი უარყოფს, რომ ის დაკავებული იყო და აცხადებს, რომ ის უბრალოდ, გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

22 დეკემბერს გამართულ საპროტესტოს აქციაზე, რომელიც სტუდენტებისა და ფერმერთა გაერთიანებებმა მოაწყვეს, ბელგრადში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. იმის გამო, რომ განათლების სფეროში პროტესტი არ გაფართოებულიყო, სერბეთის მთავრობამ საშობაო არდადეგები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.

ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ისინი მმართველ პარტიას წარსულში არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.

ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული. ვუჩიჩის თქმით, ის არ დაემორჩილება ოპოზიციის მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და ოპონენტები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სტუდენტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ისევ დავამარცხებთ მათ. ოპოზიციამ არ იცის რა გააკეთოს, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს ვიღაცის შვილები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილის „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ფოტო: REUTERS/Branko Filipovic

სრულად წაკითხვა