7
ფოტოკოლაჟი – foreignpolicy.com
გ. ლურსმანაშვილი ბოლო პერიოდის მსოფლიო პოლიტიკას, უკრაინასთან, რუსეთთან და აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტთან მიმართებით. აფასებს:
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტის გაცნობამდეც ალბათ ნათელი იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად ცვლიდა თამაშის წესებს, მაგრამ ამაზეც რომ არ მიგვექცია ყურადღება, კოლბიმ რამდენიმე წლის წინ წიგნადაც გამოსცა თავისი მოსაზრებები (The Strategy of Denial: American Defense in an Age of Great Power Conflict. თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ამ წიგნის pdf და ქინდლის ვერსიაც მაქვს), კოლბი კიდევ, როგორც ამბობენ, დიდ როლს თამაშობს თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში. იგი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი აზიაში რომელიმე სახელმწიფო ჰეგემონიას დაამყარებს, ეს შეუქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს აშშ-ს, ამიტომ აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა აზიაში შეკრას ანტიჩინური კოალიცია (რადგან ჩინეთის გარდა საფრთხის შექმნის რესურსი სხვას არ აქვს) და ყველანაირად მიხედოს ამ კოალიციას. ამ მიდგომით, რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ აზიაში ამერიკის ჰეგემონია ჩაანაცვლოს და მეორე, რომც ჰქონდეს, ნაკლებად დაინტერესებულია ამით, შესაბამისად, რუსეთი არ და ვერ იქნება აშშ-სთვის საფრთხე და ამიტომ, არაა საჭირო ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან ან აფრიკასთან დაკავშირებით ტვინის ბურღვა, რადგან რესურსები აზიისკენ უნდა იყოს მიმართული. უფრო მეტიც, თეორიულად, ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ შეიძლება რუსეთი ანტიჩინურ კოალიციაში გადმოიბირონ საერთო მტრის (ჩინეთი რუსეთისთვის), საერთო მემკვიდრეობის (ჰგონიათ რომ რუსეთი ქრისტიანული ქვეყანაა. ბუ ჰე ჰე) და ეკონომიკური სარგებლის (მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომ ისევ დასავლეთი იყოს რუსეთისთვის) მოტივებით (აქ ვსაუბრობ მხოლოდ იდეოლოგიურ მოტივებზე, თორემ ამერიკული ელიტების კორუფციასა და რუსეთისგან მატერიალური სარგებლის მიღება სხვა თემაა. ვიღაცა იტყვის, სად რუსეთის გაძვალტყავებული ეკონომიკა და სად ამერიკის ელიტები, რაში ჭირდებათო, მაგრამ ბოდიში. ამერიკისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსეთში შეიძლება, რომ პირობითად, სახელმწიფოს კუთვნილი რომელიმე მაღარო ან საბადო, ერთი ხელის მოსმით გადაეცეს სხვას, იმას, ვისაც ბელადი ჩათვლის საჭიროდ. ცდუნება დიდია). ისე, ამერიკელები ნამდვილად “გამოცდილები” არიან ერთ მტრის შეკავების გამო მეორესთან დაახლოების იდეაში. იფიქრებდა კაცი, რომ კისინჯერი და ამერიკული პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია საბჭოთა კავშირის შიშით ჩინეთის ისეთ გაძლიერებასთან, რომელიც უკვე ამერიკის დეკლარილებული ეგზისტენციალური საფრთხეა.
რა ხდება ამ კუთხით რუსეთში.
2007 წელს პუტინმა მიუნხენში ძალიან მკაფიოდ და ნათლად განაცხადა თუ რას აპირებდა. მას უყვარს მეორე მსოფლიო ომი (რომელშიც რუსული იმპერიალიზმის ევროპაზე გამარჯვებას ხედავს) და ეზიზღება ცივი ომი (რომელშიც რუსული იმპერიალიზმის დასავლეთთან მარცხს ხედავს). ამიტომ იგი გეგმავს: I- ამერიკის ერთპოლუსიანი მსოფლიო ჰეგემონიის დანგრევას; II-სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებას, სადაც არსებობს რამდენიმე დიდი (ჩვენს შემთხვევაში ბირთვული მოთამაშე), არ არსებობენ მცირე და დამოუკიდებელი ერები და ამ მცირე ერების ბედს წყვეტენ “დიდი ბიძები”; III- ცივი ომის მსოფლიო წესრიგის მოშლას, რაც გულისხმობს ერთიანი დასავლური იდეის (ევროპა, დიდი ბრიტანეთი, აშშ) განადგურებას. IV-ნატოს “კასტრაციას”, რათა ხელი არ შეეშალოს თავისი გავლენის სფეროების (მინიმუმ საბჭოთა კავშირის ტერიტორიის) კონტროლში და იქ თავისუფლება-დემოკრატიის მოსპობაში. შემთხვევითი არაა, რომ საბჭთა კავშირის ქვეყნებზე მუშაობს ფსბ-ე.ი. ფედერალური უშიშროება და არა სვრ- ე.ი. საგარეო.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი დასავლეთს მიიჩნევს თავის ეგზისტენციალურ მტრად, მთელი ყურადღებაც, შესაბამისად, აქეთაა მიპყრობილი. ნატოს გარდა მისთვის დაუშვებელია ევროკავშირის არსებობა იმ ფორმით, როგორიც ახლაა (ღია საზღვრები, ხელმისაწვდომი განათლება, ჯანდაცვა, მშვიდობა, სტაბილურობა და ა.შ.). ევროკავშირი უნდა იყოს დაქსაქსული, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების კინკლაობის სივრცე, სადაც შიგნით იქნება ისეთი ქაოსი, რომლის გამოც, ეს ქვეყნები ვეღარ მოიცლიან რუსეთის საზღვრებისა და გავლენის სფეროების დასავლეთის მიმართულებით გაფართოების პრობლემისკენ. ამ შიდა ქაოსის შესაქმნელად კი რუსეთი ბევრს მუშაობს და არ ენანება არაფერი.
რა საერთო ინტერესთა თანხვედრა აქვთ ტრამპსა და პუტინს.
-ევროკავშირი
ევროკავშირის არსებობის ეს ფორმა მიუღებელია ტრამპისთვისაც, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროს მესიაა, ყველამ მისი ფეხები უნდა კოცნოს და არავინ შეეწინააღმდეგოს. ამ ფონზე, ერთიანი ევროპა, რომელიც მას ეწინააღმდეგება, მისთვის თავის ტკივილია, მით უმეტეს მაშინ, როცა ევროპა უკვე თავის მთავარ პრობლემად თავის მოსაზღვრე რუსეთს მიიჩნევს და არა ცხრა მთას იქით მყოფ ჩინეთს, რომლის ეგზისტენციალურ მტრად აღქმასაც არც გეოგრაფია და არც ისტორია არ ეხმარება. ამასთანავე, ევროკავშირის არსებობა ყელში აქვთ გაჩხერილი ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ელონ მასკის მსგავს გაქსუებულ “ცეხავიკებს” და ამას არც მალავენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ევროკავშირის სიკეთეებს გრძნობს ძალიან დაბალი სოციალური ფენა და არა ოკეანის გაღმა მყოფი საბჭოთა მენტალობის ცეხავიკების კასტა. შესაბამისად, პუტინისა და ტრამპის სხვადასხვა მოტივებით განპირობებული, მაგრამ საერთო ინტერესია, ევროკავშირის ამ ფორმით არსებობის შეწყვეტა. უბრალოდ, ამ იდეას ტრამპი და პუტინი სხვადასხვაგვარად აჟღერებენ. გაიხსენეთ, ტრამპის ადმინისტრაცია ვის უფრო მეტად აკრიტიკებდა, პუტინს თუ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებს? ევროკავშირს აქვს საკმარისი “ანტისხეულები”, რომ მაგ. უნგრეთის, სლოვაკეთის და მსგავსი კალიბრის ქვეყნებში პოპულისტური რეჟიმების არსებობამ მისი ძირითადი პოლიტიკური ვექტორი არ შეუცვალოს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ასე ვერ გაგრძელდება თუკი საფრანგეთსა და გერმანიაში პრორუსი პოპულისტები მოვლენ სათავეში. მორიდებით გაგახსენებთ, რომ JD Vance-ს მიერ, სულ ახლახანს, შუაგულ მიუნხენში გაკეთებული განცხადების პერიფრაზი რომ ვნახოთ, შემდეგ მოცემულობას მივიღებთ: პრორუსულ პარტია AFD-ს ნუ ავიწროებთ და “მიეცით მათ ნიჭსა გზა ფართო,” რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ.
-ნატო და ცივი ომის მემკვიდრეობა.
ნატო ცივი ომის მემკვიდრეობაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს რუსული იმპერიალიზმისგან თავის დასაცავად შეიქმნა. ტრამპი კი (ეგოს რომ თავი დავანებოთ) რამდენადაც მთლიანად აზიაზეა ფოკუსირებული, საერთოდ ვერ ხვდება რა საჭიროა ცივი ომის მემკვიდრეობის დღევანდელობაში არსებობა, შესაბამისად, მზადაა გააუქმოს ყველაფერი, რაც ამას ახსენებს. ზოგ შემთხვევაში ეს მარტივად შეიძლება გამოუვიდეს (მაგ. USAID, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა…), ზოგ შემთხვევაში რთულად (მაგ. NATO), მაგრამ მცდელობებს ნამდვილად არ აკლებს. მაგ. დეკლარილებულად აცხადებს, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს (ბეწვზე მოასწრო შვედეთმა და ფინეთმა ნატოს ქუდში თავის შეყოფა). შესაბამისად, ამ ასპექტშიც პუტინი და ტრამპი იდეოლოგიურად თანხვდებიან ერთმანეთს.
უკრაინის საკითხი
ამ ფონზე, პუტინი და ტრამპი იმაშიც თანხმდებიან, რომ უკრაინის საკითხი საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა. პარადოქსი კია, რომ ფართო პერსპექტივით, პუტინმა უკრაინაში ომი ამერიკისა და ამერიკული დღის წესრიგის წინააღმდეგ დაიწყო და ახლა, ამერიკული ისტებლიშმენტი და პუტინი, ერთდროულად პრესავენ უკრაინას. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა და მის მმართველობის პერიოდს თუ დავაკვირდებით, მარტივად დავინახავთ თუ რაზე დაყრდნობით ამბობდა ამას – ზეწოლა ზელენსკიზე, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და მისცეს რასაც ითხოვს (იქნება ეს დონბასი თუ სუდეტები). იგივე მიდგომა იქნება, მაგ. ზაპოროჟიეზე. სანაცვლოდ, პუტინიც უნდა დაეთანხმოს, რომ მაგალითად კანადა და გრელანდია ამერიკის მიწებია. ამ ყველაფერს მარტივი მიზეზი აქვს, ორივეს აღქმით, სამყარო შედგება არა დამოუკიდებელი ერი სახელმწიფოებისგან, არამედ დიდი იმპერიების გავლენის სფეროებისგან, დონბასი, ლუგანსკი, ყირიმი და ა.შ. კი პუტინის გავლენის სფეროა, კანადა ტრამპის. მერე რა, რომ ისტორია და გეოგრაფია ნამდვილად არაა არც ტრამპის და არც პუტინის ძლიერი მხარე (ჩემი თუ არ გჯერათ, ალბანეთის პრემიერ მინისტრს კითხეთ).
-პიროვნული მახასიათებლები
ტრამპსაცა და პუტინსაც პიროვნულად ეზიზღებათ ზელენსკი. უბრალოდ არ ჯდება მათ წარმოდგენებში ასეთი მმართველი, რომელმაც ერთსაც და მეორესაც ამდენი თავის ტკივილი გაუჩინა (პატარა ამბავი ხომ არაა, ამხელა პრეზიდენტი კაცი იყო და “მასხარა” ზელენსკის გამო ნობელის პრემიას ვერ იღებდე). ეს პიროვნული ზიზღი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმითა და მიზნით ვლინდება ხოლმე, მაგ. ბაიდენთან თანამშრომლობის, ფინანსების, კორუფციის ან სულაც კოსტიუმის ჩაუცმელობის გამო, რადგან როცა ადამიანი გეზიზღება და გგონია მოერევი, თავისუფლად შეგიძლია აუშარდე თუ ,,რატომ არ აფარია ყურებიანი ქუდი”. ვერაფერს იტყვი, ქართველებმა ვიცით, რასაც ნიშნავს, როდესაც “დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა”.
პარადოქსია, რომ ამერიკის პრეზიდენტი უფრო მარტივად პოულობს საერთოს მაგ. ლუკაშენკოსთან, ორბანთან და კიმ ჩენ ინთანაც კი, ვიდრე მერცთან და მით უმეტეს ზელენსკისთან, მაგრამ რაცაა ესაა და არსებული უნდა დავინახოთ.
პერსპექტივები
ამერიკას მინიმუმ ორგვარად შეიძლება შევხედოთ. ერთია რიგითი ამერიკელის თვალით დანახული ამერიკა, რომელსაც სურს დაბალი გადასახადები, ნაკლები ფერადკანიანი, პროტესტანტულ-რეფორმაციული პურიტანიზმი და ა.შ. და მეორეა რუსეთის მეზობლად მდებარე ადამიანის თვალით დანახული ამერიკა. პირობითად, ცივი ომის პერიოდში გაზრდილი რიგითი უნგრელისთვის ამერიკა იმიტომ კი არ იყო მთავარი იდეალი, რომ იქ მაღალი ხელფასები და ჰოლივუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ჯეროდა, რუსეთთან ომის შემთხვევაში ამერიკის დახმარებისა. ამერიკის ეს ორი აღქმა ერთმანეთისგან განსხვავდება და ისტორიულად, ხშირად კონფლიქტურიცაა ხოლმე, რადგან ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს რიგითი ამერიკელი, რომელიც თავის ჯიბეზე ფიქრობს და არა მაგალითად, პრაღის გაზაფულგამოვლილი ჩეხი. ამ რიგითმა ამერიკელმა კი ორჯერ აირჩია ტრამპი. არსებობს ხალხი, ვინც ამერიკაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს ელოდება. ზოგადად, ამ რეალობაში, პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ ჩემთვის პირადად, ბევრად უფრო რეალურია ამერიკის მომდევნო არჩევნებში, პირობითად, Vance-ს გამარჯვება (რაც ჩვენთვის უფრო მეტ იზოლაციონიზმს ნიშნავს), ვიდრე მაგალითად იმპიჩმენტი. დაველოდოთ. ისე კი, ესაა რიგით რუსსა და რიგით ამერიკელს შორის არსებული განსხვავების ქვაკუთხედი. რიგითი რუსი მზადაა მოკვდეს მშიერი, უშუქოდ, უგაზოდ, კრიმინალში და ა.შ. ოღონდ მისი ფულით ბელადმა გააკეთოს რაკეტები, ისროლოს დასავლეთში და ამ რაკეტებით მილიონობით რუსი და არარუსი დახოცოს. რიგით რუსს არ უნდა, რომ თავისი ქვეყანა მიმზიდველი იყოს, მას უნდა, რომ რუსის და რუსებისა დასავლეთში ეშინოდეთ. ვერაფერს იტყვი.
ევროპა
ევროპა პირისპირ დადგა იმ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე, რისი წინასწარმეტყველებაც მარტივი იყო. ერთი მხრივ, შუაგული ევროკავშირიდან ნათლად ჩანს, რომ წამყვანი ქვეყნების მმართველი ისტებლიშმენტი აცნობიერებს მის წინაშე არსებულ საფრთხეს (კარგი იქნებოდა ეს საფრთხე “მერკელიზმითა” და “სარკოზიზმით” შეპყრობილ ევროპას ბუქარესტის სამიტზე დაენახათ), მაგრამ ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მთავარი პრობლემა მისი მმართველობის “კონსენსუსური” სტილია, ხოლო ცალკეული წამყვანი ქვეყნებისა კი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს – “დემოკრატია”. რუსეთისგან განსხვავებით (სადაც პირამიდის თავში მჯდომი ყაენი იღებს გადაწყვეტილებებს), აქ ე.წ. PUBLIC ATTITUDES- მუშაობს. ცივი ომის შემდგომ მშვიდობაში, კეთილდღეობასა და ფუფუნებაში გაბედნიერებულ ევროპელებს კი ძალიან არ უნდათ თავისი კომფორტის ზონის დატოვება და ჟანრის ლოგიკით ეს ცუდად უნდა დასრულდეს, მაგრამ დაველოდოთ.
ჩვენ
კი შეიძლებოდა ჩვენზეც გვეთქვა რამე პერსპექტივა, მაგრამ რა აზრი აქვს, ჩვენი პოლიტიკური კურსი მაინც იმისგან განსხვავებული იქნება, რასაც აქ ვიტყვით, ამიტომ დავტოვოთ. ჩვენ საერთოდ სხვა რეალობაში ვართ – როგორმე ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, სანამ სამყაროს თუ არა, რეგიონის აჯაფსანდალი მაინც არ გაჩერდება. ვიცნობ ხალხს, ვისაც ჯერა, რომ თუკი ქვეყანა მდიდარი არაა, იქ დიქტატურა ვერ მყარდება. ამ პოსტის ავტორი სხვაგვარად ფიქრობს. მგონია, რომ თუკი რეგიონალური პროცესები ხელს უწყობს რეჟიმს და მას ძალოვანი უწყებების შენახვის რესურსი აქვს, დიქტატურის დამყარება პრობლემა საერთოდ არაა. ვნახოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ან იგებს უკრაინა, დასავლეთი და საქართველოც. ან მარცხდება უკრაინა, მარცხდება დასავლეთი და საქართველოც. სხვა რეალობა არ არსებობს. ძალიან რთული ბედი არგუნა განგებამ გმირ უკრაინელ ერს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·