მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება დააანონსა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი, იურისტი თეონა ზაქარაშვილი კი რეკომენდაციებს ავრცელებს საჯარო მოხელეებისთვის, რა უნდა გააკეთონ მათ თუ სამსახურიდან წასვლას აიძულებენ:
- არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას;
- ასეთი მუქარა როგორმე დაადოკუმენტირეთ, ბევრი ხერხია თქვენ აარჩიეთ რომელი გიჯობთ და მოგიხერხდებათ;
- მუქარაზე მინიმუმ სახალხო დამცველს მიმართეთ განცხადებით. ნუ ბევრი სხვა საშუალება არ მუშაობს, სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტების კარგი თანამშრომლების იმედი მაქვს და ღირს აქ განცხადების გაგზავნა;
- დაგვირეკეთ და გვითხარით ამის შესახებ არასამთავრობოებს ( კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურად დავგეგმავთ რით დაგეხმაროთ);
- თუ გეტყვიან რომ სამსახურში აღარ გამოცხადდეთ, რადგან გაგიშვეს მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება. თუ არ გაბარებენ, ჩვეულებრივ გამოცხადდით სამსახურში. ეს სჭირდებათ გამოუცხადებლობის საბაბით რომ გაგაგდონ ამისათვის.
- თუ გათავისუფლების ბრძანება ჩაგბარდათ, მიმართეთ იურისტს ( ჩვენ და სხვა არასამთავრობოებს) და ინდივიდუალურად გადაწყდება რა სამართლებრივი გზების გამოყენება ჯობს.
- ეს ყველა, რაც ზემოთ წერია, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებია, თუმცა საჭიროებს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ამიტომ ჯობს ვიმოქმედოთ.
მადლობა ყველა თქვენგანს, სწორია ახლა არ გაჩუმება“, – წერს თეონა ზაქარაშვილი.
რა ხდება?
1 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსთან. გარდა ამისა, ქვეყნის ევროინტენგრაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით განცხადება გაავრცელეს სხვადასხვა სამინისტროებისა და საბიუჯეტო უწყებების ასობით თანამშრომელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებების გავრცელების შემდეგ მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებები.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეებსაც აკისრებს ვალდებულებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.
„ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება
კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.
პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და ემიჯნებიან “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მერიაში დაგეგმილი ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით და საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების, რეორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
„მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს , იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
„სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამოხატავენ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს.